დიდ დიღომში და ავჭალაში დასასვენებელი სივრცეების რეაბილიტაციისთვის 1.5 მლნ ლარამდე დაიხარჯება

საბურთალოს რაიონის გამგეობა დიდ დიღომში, მე-4 მიკრორაიონში, საბავშვო ბაგა- ბაღ „ხუთკუნჭულას“ მიმდებარედ, დასასვენებელი სივრცის რეაბილიტიციას ახორციელებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა მ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, პროექტის ღირებულება, დაახლოებით, 1 000 000 ლარია.
„პროექტის ფარგლებში, 7 000 კვ.მ ფართობზე განახლდება სკვერის სივრცე და დამონტაჟდება შესაბამისი საპარკო ინვენტარი. მოეწყობა სატრენაჟორო და საბავშვო-გასართობი ზონა, განათებისა და სარწყავი სისტემა“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერმა ყურადღება გაამახვილა დედაქალაქის გამწვანების მიმართულებაზე, რომლის ფარგლებში, არაერთი პროექტი მიმდინარეობს. მისი თქმით, გლდანის VIII მ/რ-ში, N28, 29 და 33 კორპუსის მიმდებარედ, 10 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე, რეკრეაციული სივრცე ეწყობა.
გარდა ამისა, კახა კალაძის თქმით, გლდანის რაიონის გამგეობა ავჭალაში, ალექსანდრე მანაგაძის მე-4 ჩიხში სკვერის რეაბილიტაციას ახორციელებს.
კახა კალაძის თქმით, აღნიშნული სკვერის რეაბილიტაციით ადგილობრივი მოსახლეობისთვის მიცემული დაპირება შესრულდება.
„აღნიშნულ სკვერში მთლიანად განახლდება და მოწესრიგდება ყველაფერი. ეს სივრცე ამორტიზებულია და პრობლემას წარმოადგენს მოსახლეობისთვის. დაახლოებით, 400 000 ლარი დაიხარჯება აღნიშნული პროექტის განხორციელებაში. აქაც მოეწყობა ბავშვთა გასართობი და მოსასვენებელი ზონები, პავილიონი; დამონტაჟდება გარე განათებისა და სარწყავი სისტემები. ტერიტორია გამწვანდება და განთავსდება სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა“, – განაცხადა თბილისის მერმა.

ასევე დაგაინტერესებთ