თბილისში, დიდ დიღომსა და გლდანში სამეზობლოს მარში გაიმართა. აქციის მონაწილეებს თან ჰქონდათ ტრანსპარანტები წარწერებით: „გაათავისუფლეთ უკანონოდ დაჭერილები!“, „რუსეთი ჩვენი საერთო მტერია“, „მოვითხოვთ ახალ არჩევნებს!“
ამასთან, მანიფესტანტებს ხელში ეჭირათ, აქციაზე დაშავებული და დაჭერილი პირების ფოტოები.
გარდა ამისა, მათ თან ჰქონდათ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები.
მანიფესტანტების განმარტებით, საქართველოს ყველა კუთხეში უნდა იმართებოდეს აქციები, რათა „რეჟიმმა მათი ხმა გაიგოს“.
„ჩვენი მთავარი მოთხოვნა არის უცვლელი – ვითხოვთ ხელახალ არჩევნებს, რომელიც ობიექტურ გარემოში უნდა ჩატარდეს. ასევე, აქციებზე დაკავებულები უნდა გათავისუფლდნენ.
არ მქონდა უფლება, არ შევერთებოდი ასეთ მნიშვნელოვან აქციებს. დღეს, სახლში ჯდომის, სამსახურში სიარულის დრო ნამდვილად არ არის. მნიშვნელოვანია, რომ არა მარტო რუსთაველზე ისმოდეს ხმაური, არამედ ყველა უბანში, ქუჩაში“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
მანიფესტანტების მოთხოვნები უცვლელია. ისინი საქართველოს მთავრობას მოუწოდებენ, რომ „დაინიშნოს ახალი არჩევნები, დაუბრუნდეს ქვეყანა ევროპულ საგარეო კურსს და გათავისუფლდნენ პოლიტიკური პატიმრები”.
ინფორმაციისთვის, მომდევნო დღეების განმავლობაში, თბილისში, საქართველოს სხვადასხვა კუთხის წარმომადგენლები მსვლელობას გამართავენ. ისინი მთავრობის იმ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის თანახმადაც, „ქართულმა ოცნებამ“ 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეაჩერა.