დიდ ბრიტანეთში საპარლამენტო არჩევნები დაიწყო

დიდ ბრიტანეთში მიმდინარეობს პარლამენტის არჩევნები, რომელიც, დიდი ალბათობით, დაასრულებს კონსერვატორების ზედიზედ 14-წლიან მმართველობას და ხელისუფლებაში ლეიბორისტები დაბრუნდებიან.
საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 07:00 საათზე გაიხსნა და 22:00 საათზე დაიხურება. ბრიტანელები თემთა პალატის 650 წევრს აირჩევენ.
BBC-ის ინფორმაციით, კენჭისყრის დღემდე ჩატარებული ყველა გამოკითხვა აჩვენებს, რომ კონსერვატიული პარტია დაახლოებით 100 მანდატს მიიღებს, მაშინ, როცა წინა, 2019 წლის არჩევნების შედეგად თემთა პალატაში 345 წევრი ჰყავდა. წინასწარი გამოკითხვებით, 4 ივლისის არჩევნების შედეგად ლეიბორისტულმა პარტიამ შესაძლოა, 400-ზე მეტი მანდატი მოიპოვოს.
საპარლამენტო არჩევნების წინ ლეიბორისტების ლიდერის, კირ სტარმერის რეიტინგი 44% იყო, ხოლო კონსერვატორთა ლიდერის, პრემიერ-მინისტრ ს – 23%. ლეიბორისტული პარტიის მიერ თემთა პალატაში უმრავლესობის მოპოვების შემთხვევაში სტარმერი გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი გახდება.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა 22 მაისს გამოაცხადა გადაწყვეტილება საპარლამენტო არჩევნების 4 ივლისს ჩატარების შესახებ.
ბრიტანელი ანალიტიკოსები, რომლებიც არჩევნების შემოდგომაზე ჩატარებას ვარაუდობდნენ, საპარლამენტო არჩევნების ივლისში დანიშვნას უკავშირებდნენ სუნაკის მცდელობას, კონსერვატორების სასარგებლოდ გამოეყენებინა ქვეყნის გაუმჯობესებული ეკონომიკური მდგომარეობა და ინფლაციის შემცირება.