დიდ ბრიტანეთში პადინგტონის ქანდაკებები გამოჩნდა

დიდი ბრიტანეთის მასშტაბით ბევრისთვის საყვარელი დათუნიას პადინგტონის ქანდაკებები გამოჩნდა. ფილმის პერსონაჟის ქანდაკებების მომრავლება ფილმის „პადინგტონი პერუში“ გამოსვლას უკავშირდება.
დიდი ბრიტანეთის მასშტაბით მარმელადის მოყვარულ დათუნიასთან სურათის გადაღება 23 ადგილასაა შესაძლებელი.
„ჩვენ მჭიდროდ ვმუშაობთ ფილმის პროდიუსერთან დევიდ ჰეიმანთან. ჩვენ შევძელით, ეს ლამაზი ანიმაცია სამგანზომილებიან ქანდაკებად გვექცია. ძალიან მოგვწონს პადინგტონზე მუშაობა და მისი პოპულარიზაცია”, – ამბობს სალი რეჯისი, რომელიც პადინგტონის ქანდაკებების შექმნაზე მუშაობდა.
ფილმში მთავარ პერსონაჟს კვლავ ბენ უიშაუ ახმოვანებს. ფილმში ასევე ბრუნდებიან მსახიობები ჰუგ ბონევილი, ჯული ვოლტერსი, ჯიმ ბროდბენტი. ხოლო ახალი პერსონაჟების როლებს ოსკაროსანი მსახიობები ანტონიო ბანდერასი და ოლივია კოლმანი ასრულებენ.
ფილმში პადინგტონი და ბრაუნების ოჯახი პადინგტონის დეიდას ლუსის მოსანახულებლად პერუში ჩადიან. თუმცა მონაზონი, რომლის როლსაც ოლივია კოლმანი ასრულებს, ატყობინებს, რომ დეიდა ლუსი გაუჩინარდა. ბრაუნების ოჯახი კი ლუსის მოსაძებნად ტროპიკულ ტყეებში მიდის.
ფილმის „პადინგტონი პერუში” პრემიერა დიდ ბრიტანეთში 8 ნოემბერს, ხოლო ამერიკის შეერთებულ შტატებში 17 იანვარს გაიმართება.
წყარო: ევრონიუს ჯორჯია