დიდუბის რაიონის გამგეობა ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით, რაიონის მასშტაბით, სხვადასხვა სახის სპორტულ პროექტს ახორციელებს. ერთ-ერთი ასეთია „სპორტი ყველა ეზოში”
დიდუბის რაიონის გამგეობა ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით, რაიონის მასშტაბით, სხვადასხვა სახის სპორტულ პროექტს ახორციელებს. ერთ-ერთი ასეთია „სპორტი ყველა ეზოში”.
პროექტის ფარგლებში, დიდუბის ტერიტორიაზე მცხოვრებ 8-დან 16 წლამდე ახალგაზრდებს, რომლებსაც არ აქვთ შესაძლებლობა ჩაირიცხონ საფეხბურთო კლუბებში და დაკავდნენ სპორტით, პროფესიონალი მწვრთნელები სრულიად უსასყიდლოდ კვირაში სამჯერ ავარჯიშებენ.
პროექტის მიზანია ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება და ნიჭიერი, პერსპექტიული სპორტსმენების აღმოჩენა.
პროექტი ოთხი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში მონაწილეობა 160-მა ახალგაზრდამ მიიღო. პროექტის დასრულების შემდგომ, გუნდებს შორის ტურნირი ჩატარდა და ორ ასაკობრივ კატეგორიაში გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
8-დან 12 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში პირველი ადგილის მოპოვება გუნდმა „დიდუბემ“ შეძლო, ტურნირის ბომბარდირი – მიშო მოსიაშვილი, საუკეთესო მოთამაშე – ლუკა კაციტაძე, საუკეთესო მეკარე – ნიკოლოზ სულუხია გახდნენ.
13-დან 16 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში პირველ ადგილზე გუნდი „დიდუბე“ გავიდა, ტურნირის ბომბარდირი – გაგი გონგლაძე, საუკეთესო მოთამაშე – დემეტრე გობეჩია და საუკეთესო მეკარე ანრი ბიწაძე გახდნენ.
ღონისძიებას დიდუბის რაიონის გამგებელი დავით გელოვანი, გამგებლის მოადგილე ლალი ჭელიძე, თბილისის საკრებულოს დიღმის მასივის მაჟორიტარი დეპუტატი შოთა ქევხიშვილი, თბილისის საკრებულოს წევრი ნოდარ ბოკერია, საქართველოს პარლამენტის წევრი ირმა ზავრადაშვილი, თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა და ვეტერანი ფეხბურთელები, გიორგი ნავალოვსკი, დავით ოდიკაძე და ნუკრი რევიშვილი ესწრებოდნენ.
გამარჯვებულ გუნდებსა და მოთამაშეებს თასები, მედლები და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.




