დიდმა ბრიტანეთმა ისრაელს ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების მუშაკების დაღუპვის ფაქტის გამოძიებისკენ მოუწოდა.
„ჩვენ ისრაელს ვთხოვთ, რომ სასწრაფოდ გამოიძიოს რა მოხდა, რადგან კითხვები არსებობს, რომლებსაც პასუხი უნდა გაეცეს“, – განაცხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა.
რიში სუნაკმა აღნიშნა, რომ ჰუმანიტარული დახმარების მუშაკები ღაზაში მნიშვნელოვან სამუშაოს ასრულებენ.
„მათ უფლება უნდა მიეცეთ, რომ ეს სამუშაო შეუფერხებლად შეასრულონ. ისრაელის მოვალეობაა დარწმუნდეს, რომ მათ ამის გაკეთება შეუძლიათ“, – აღნიშნა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა.
რიში სუნაკის მსგავსად, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ კამერონმა განაცხადა, რომ ისრაელმა მომხდარი დაუყოვნებლივ უნდა გამოიძიოს.
შეგახსენებთ, ჰუმანიტარული ორგანიზაციის, World Central Kitchen-ის ინფორმაციით, ღაზაში ისრაელის სარაკეტო დარტყმას ორგანიზაციის 7 თანამშრომელი ემსხვერპლა. დაღუპულებს შორის ავსტრალიის, პოლონეთის, გაერთიანებული სამეფოს, აშშ-ის, კანადისა და პალესტინის მოქალაქეები არიან.