დიდი ჰესები ასაშენებელია, ნენსკრა, ხუდონი და ნამოხვანი უნდა აშენდეს – მაია მელიქიძე

„ჩვენ კრიტიკულად ვთვლით, რომ დიდი ჰესები ასაშენებელია, ნენსკრა, ხუდონი და ნამოხვანი უნდა აშენდეს“, – ამის შესახებ „კომერსანტის“ დილის ეთერში „გრედას“ აღმასრულებელმა დირექტორმა მაია მელიქიძემ განაცხადა. მისი თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ გვექნება უზარმაზარი გამოწვევა ენერგოუსაფრთხოებისა და ენერგოდამოუკიდებლობის მხრივ.
„საქართველო უმდიდრესი ქვეყანაა რესურსების თვალსაზრისით. ჩვენ ჰიდროენერგეტიკის მხრივ ძალიან დიდი შანსი გვაქვს, რომ უფრო მეტი გაკეთდეს. განსაკუთრებით მცირე და საშუალო ჰესების აშენებასთან მიმართებაში. თუმცა, ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენ კრიტიკულად ვთვლით, რომ დიდი ჰესები ასაშენებელია, ნენსკრა, ხუდონი და ნამოხვანი უნდა აშენდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ გვექნება უზარმაზარი გამოწვევა ენერგოუსაფრთხოებისა და ენერგოდამოუკიდებლობის მხრივ. მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ მალე, 2030 წლიდან გაეშვება შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი, რომლის საშუალებითაც ევროპას უკვე ფიზიკურად დავუკავშირდებით, კონკრეტულად რუმინეთს, და ჩვენ აუცილებლად უნდა გავიტანოთ ჩვენი ელექტროენერგია ექსპორტზე. ნამდვილად არ მინდა აღმოვჩნდეთ ისეთ მდგომარეობაში, რომ მეზობელი ქვეყნებიდან ვიყიდოთ ელექტროენერგია და შემდეგ მოვახდინოთ მისი ექსპორტი. საქმე დასაწყები იყო გუშინ, არამც თუ დღეს. აუცილებელია როგორც ჰიდროენერგეტიკის, ისე მზის და ქარის ელექტროენერგიის სადგურების რაც შეიძლება მეტად მშენებლობა, რა თქმა უნდა, გარემოს დაცვის კომპონენტების სრული დაცვით. ამაზე 2 აზრი არა არსებობს. თუმცა. ის პოტენციალი, რომელიც არსებობს, უნდა ავითვისოთ“, – განაცხადა მაია მელიქიძემ.
დილის ეთერში გადაცემის სტუმარმა 4-5 ივლისს თბილისში დაგეგმილ მაღალი დონის საერთაშორისო ფორუმზე ისაუბრა, სადაც მოწვეული არიან, ენერგეტიკის, სამთავრობო და ფინანსური სექტორის წარმომადგენლები. მისი თქმით, ღონისძიება საქართველოს ენერგეტიკულ პოტენციალს დაეთმობა.
„ჩატარდება ძალიან მაღალი რანგის საერთაშორისო ღონისძიება, სადაც კერძო და სახელმწიფო სექტორი პანელური დისკუსიის ფარგლებში შეხვდება ერთმანეთს და განიხილავენ ის მნიშვნელოვან თემებს, როგორიცაა ენერგეტიკული ბირჟის გახსნა, რომელიც პირველ ივლისს იხსნება. ეს არის პირველი ნაბიჯი 6-ჯერ გადადებული ბირჟის გახსნისა და იქნება შესაძლებლობა, რომ მონაწილეები ჩაერთონ ამ პროცესში და ეს იქნება უნიკალური შესაძლებლობა ინვესტიციების მოზიდვის და ინვესტორებისთვის იმ მიზნის მიღწევის, როგორიცაა გამჭვირვალე, კონკურენტუნარიანი ბაზარი, სადაც ფასის დადგენა მოხდება მოთხოვნა-მიწოდების საფუძველზე“, – განაცხადა ფორუმის ორგანიზატორმა და, „გრედას“ აღმასრულებელმა დირექტორმა მაია მელიქიძემ.
ფორუმის ორგანიზატორი არის „გრედა“, მისი პარტნიორები არიან – „ექსპოჯორჯია“ და Invest in Network-ი, მაია მელიქიძის თქმით, Invest in Network დიდ ბრიტანეთში დარეგისტრირებული ორგანიზაციაა და საერთაშორისო ინვესტიციების ხელშეწყობას ემსახურება. ფორუმზე კი მოწვეული არიან იმ ტიპის ინვესტორები, რომელთაც ძალიან დიდი სურვილი აქვთ, რომ ენერგეტიკის მიმართულებით საქართველოსთან ითანამშრომლონ.