„დიდი სიახლეები იგეგმება, დეველოპერებისთვის აბსოლუტურად სხვა ეტაპი დაიწყება…“, – ამის შესახებ პირველი საკრედიტო კავშირის ყოფილმა ხელმძღვანელმა, „მწვანე ინვესტიციების” დამფუძნებელმა გივი კორინთელმა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.
როგორც კორინთელი აღნიშნავს, დეველოპერები შემოდგომიდან უძრავი ქონების სექტორში სიახლეების დამკვიდრებას გეგმავენ. ამ ეტაპზე დეტალებზე საუბრისგან რესპონდენტი თავს იკავებს, თუმცა აღნიშნავს, რომ დაგეგმილი სიახლე უკავშირდება პირველად ბაზარზე უძრავი ქონების გაყიდვის მიდგომას.
„მიმდინარე პერიოდში უძრავი ქონების გაყიდვების მიმართულება გადასხვაფერდება. ის კონსერვატიული მიდგომები, რომელიც სამშენებლო კომპანიებს ჰქონდათ გაყიდვების კუთხით, ალბათ, აღარ იმუშავებს. დიდი როლი მიენიჭება შუამავალ აგენტებს, რომლებიც აკეთებენ გაყიდვას არამარტო ადგილობრივებზე, არამედ ყიდიან ქართულ უძრავ ქონებას საზღვარგარეთ. ვფიქრობ, ახალი ტექნოლოგიების დანერგვა ამ პროცესს ხელს შეუწყობს. ბაზარი გაყიდვების მხრივ ახლა გამოწვევების წინაშეა, ვინც ამ გამოწვევებს ფეხს აუბამს, ისინი გაცილებით წარმატებულები იქნებიან.
აღნიშნულთან დაკავშირებით დიდი სიახლე იქნება შემოდგომით, მეც ვიქნები ამის მონაწილე. გაცილებით საინტერესო და 100%-ით მომხმარებელზე ორიენტირებულს მიდგომას შევთავაზებთ ბაზარს. ძალიან დიდი სიახლეები გვექნება, აბსოლუტურად სხვა ეტაპი დაიწყება დეველოპერებისთვის, განსაკუთრებით გაყიდვების მიმართულებით“, – ამბობს გივი კორინთელი.
უფრო კონკრეტულად, რესპონდენტნი აღნიშნავს, რომ დაგეგმილია პორტალის შექმნა, სადაც უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ყველა დეტალი იქნება ხელმისაწვდომი. მისი თქმით, დაგეგმილი ცვლილებები დროში შეამცირებს გაყიდვების პროცესს.
„ჯერჯერობით დეტალებისგან თავს შევიკავებ, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ ორი პროცესი ერთდროულად მიმდინარეობს. ერთი არის ტექნოლოგიური პორტალის შექმნა, სადაც იქნება გაერთიანებული ყველაფერი, რაც აინტერესებს მყიდველს უძრავ ქონებასთან დაკავშირებით – საუბარი მაქვს პირველად ბაზარზე.
მეორეზე ამ ეტაპზე ვერ ვისაუბრებთ, თუმცა პროექტები იქნება აბსოლუტურად სხვა სახით მოწოდებული, გაიზრდება დროში უძრავი ქონების გაყიდვის ეფექტურობა. ამასთანავე, დაწყებულია გაციფრულების პროცესი და გლობალური უძრავი ქონების ბაზარზე რაც ხდება, ფეხდაფეხ მივყვებით ჩვენც.
ძალიან საინტერესო სიახლეები გვექნება შემოდგომიდან, ისეთი სიახლეა, რომ ყველა დეველოპერი იქნება ჩართული… უძრავი ქონება სხვა სახით იქნება წარდგენილი ბაზარზე. ის კონსერვატიული და არქაული ინსტრუმენტები, რასაც აქამდე იყენებდნენ დეველოპერები, მაგალითად, სოციალურ ქსელში რეკლამა, წინა წლების მსგავსად აღარ მუშაობს, ბაზარს სჭირდება გადახალისება და ამაზე ვმუშაობთ“, – განაცხადა „ბიზნესპრესნიუსთან“ გივი კორინთელმა.
