„დიდი სამუშაოებია გასატარებელი“… – როგორ უნდა შეიცვალოს ჰესების მიმართ მოსახლეობის ნეგატიური განწყობები? (bm.ge)

„დიდი სამუშაოებია გასატარებელი“… – როგორ უნდა შეიცვალოს ჰესების მიმართ მოსახლეობის ნეგატიური განწყობები? (bm.ge)
ცნობიერების ამაღლება, კომუნიკაცია მოსახლეობასთან და მჭიდრო კომუნიკაცია სახელმწიფოსა და კერძო სექტორს – ეს მიაჩნია გერმანული საკონსულტაციო კომპანია OMNIA-ს ენერგეტიკის მრჩეველ მაკა გელაშვილს იმ ეფექტურ გზად, რამაც ქვეყანაში ჰიდროენერგეტიკული პროექტების მიმართ საზოგადოების ნეგატიური განწყობები უნდა შეცვალოს.
მისი თქმით, მოსახლეობასთან მჭიდრო კომუნიკაციის გამოცდილება რიგ ქვეყნებში აჩვენებს, რომ ასეთმა მიდგომამ ქვეყნებს რეალური შედეგები მოუტანა.
“ცნობიერების ამაღლება და მუდმივი კომუნიკაცია მოსახლეობასთან, მათი ჩართულობა ადრეულ ეტაპზევე – ეს იყო და არის საერთაშორისო გამოცდილება და ამან რეალური შედეგები მოუტანა სხვადასხვა ქვეყანას.
ვფიქრობ, კომუნიკაციის კიდევ უფრო გაზრდა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. მჭიდრო კავშირია საჭირო სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის ამ მიმართულებით და დიდი სამუშაოებია გასატარებელი, რათა კარგად მოხდეს ფორმულირება იმ სიკეთეების, არამხოლოდ ქვეყნისთვის, არამედ ადგილობრივი მოსახლეობისთვისაც, სადაც ეს პროექტები შენდება.
მით უმეტეს მსხვილმასშტაბიანი პროექტები არ გულისხმობს რამდენიმე თვის დასაქმების პერსპექტივას, გულისხმობს მისი დაწყებიდან ოპერირების ჩათვლით გრძელვადიანი და მრავალწლიანი დასაქმების პერსპექტივებს. ვფიქრობ, ხაზი უნდა გაესვას ასეთ მიმართულებებს კომუნიკაციის დროს და რა თქმა უნდა ეს ყველაფერი უნდა გაკეთდეს მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში და ყველა საერთაშორისო გარემოსდაცვითი სტანდარტის დაცვით. ვთვლი, ასეთ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი დადებითი შედეგის მიღწევა”,-განაცხადა მაკა გელაშვილმა რედაქტ2-თან ინტერვიუში.
კითხვაზე, რას ურჩევდა ის ენერგეტიკის დარგის კურატორ ეკონომიკის სამინისტროს, ის ერთ-ერთ პუნქტად სწორედ მოსახლეობასთან მჭიდრო კომუნიკაციას ასახელებს.
“ერთის მხრივ წამახალისებელი მექანიზმების გაგრძელება, მეორეს მხრივ კომუნიკაციების გაზრდა, კერძო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობა, ბიუროკრატიის შემცირება და ერთი ფანჯრის პრინციპზე გადასვლა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი”, – აცხადებს OMNIA-ს ენერგეტიკის მრჩეველი.
bm.ge