დღეს ცნობილი რეჟისორი და სცენარისტი ლანა ღოღობერიძე იუბილარია – ის 97 წლის გახდა. საბჭოთა კავშირის მიერ რეპრესირებული რევოლუციონერების ოჯახში დაბადებული ლანა ღოღობერიძე ხელოვნებით ბავშვობიდან დაინტერესდა.. თავდაპირველად ლიტერატურამ და პოეზიამ გაიტაცა – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფილოლოგიას სწავლობდა და ამერიკელ პოეტ უოლტ უიტმენზე დისერტაციაც დაიცვა.
თუმცა ქალბატონმა ლანამ საბოლოოდ მაინც კინოს მიჰყო ხელი, დედის საქმე გააგრძელა, რომელიც საქართველოში პირველ რეჟისორ ქალად მიიჩნევა. მან მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში, კინემატოგრაფიის ფაკულტეტზე ჩააბარა.
ლანა ღოღობერიძემ თავისი შემოქმედებით საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. მისი ფილმი “დღეს ღამე უთენებია“ პალმის რტოს ნომინანტთა სიაშიც კი მოხვდა. ის ქალი რეჟისორების მსოფლიო ასოციაციის პრეზიდენტიც კი იყო. ქალბატონი ლანა მიიჩნევა საბჭოთა კინოს იმ წარმომადგენლად, რომელსაც სხვა იმდროინდელი ქართველი რეჟისორების მსგავსად (იოსელიანი, აბულაძე და ა.შ) სუბვერსიული მიდგომა ჰქონდა. ე.ი ისეთ ფილმებს ქმნიდა, რომელიც არ ერგებოდა საბჭოურ კინოს სტანდარტებს, თუმცა ისე ახერხებდა ამას, რომ მისი ფილმები ცენზურის ქვეშ არ მოხვედრილიყვნენ.
რეჟისორი ცნობილია ისეთი ფილმებით, როგორებიცაა: “მე ვხედავ მზეს“, “ფერისცვალება“, “როცა აყვავდა ნუში“ და “დღეს ღამე უთენებია“ , მაგრამ ღოღობერიძის ყველაზე პოპულარულ ფილმად მაინც “ინტერვიუ პირად საკითხებზე“ რჩება. ამის რამდენიმე მიზეზი არსებობს.
1978 წლის ფილმი, ზაირა არსენიშვილისა და ერლომ ახვლედიანის სცენარისტობით, გია ყანჩელის მუსიკით, ქართული კინოს კულტით, სოფიკო ჭიაურელით და ახალგაზრდა ჟანრი ლოლაშვილით ქართველ მაყურებელს განსაკუთრებით დაამახსოვრდა. ის შეეხება საკითხს, რაც იმ პერიოდში არასოდეს იყო განხილვის საგანი, იმ ქალთა ცხოვრების სირთულეს, რომლებსაც უწევთ პროფესიული და პირადი ცხოვრების შეთავსება. იმ დროში, როცა ჯერ კიდევ მიიჩნეოდა, რომ ქალთა უმთავრესი და ერთადერთი მიზანი ოჯახი და ბავშვების აღზრდა იყო, ლანა ღოღობერიძე იღებს ამ ფილმს, რომელმაც აშკარად მიიქცია ხალხის ყურადღება და საზოგადოებაში რეზონანსი გამოიწვია.
ქალბატონ ლანას სხვა ფილმი რომც არ გადაეღო, მაინც მოხვდებოდა “ქართული კინოს დიდების დარბაზში“… ლანა ღოღობერიძე მეოცე საუკუნის იმ ქალი რეჟისორების (ანიეს ვარდა, შანტალ აკერმანი და ა.შ) რიგებშია, რომლებმაც ევროპაში მძვინვარე ფემინისტურ მოძრაობაში უდიდესი წვლილი შეიტანეს.
კინო, პოეზია, თარგმანი, მხატვრობა, პოლიტიკა და კიდევ ბევრი საინტერესო მიმართულება შეიძლება გამოვყოთ ლანა ღოღობერიძის მოღვაწეობაში, მაგრამ როგორც თვითონ ამბობს “კინო არ არის პროფესია, ეს ცხოვრების წესია და ამ ცხოვრებით ვიცხოვრე”.