მივესალმებით ყველა შესაბამის და კონსტრუქციულ ინიციატივას უკრაინის ომთან დაკავშირებით, რომელიც მხარს უჭერს ყოვლისმომცველ, სამართლიან და მდგრად მშვიდობას, – ამის შესახებ „დიდი ოცეულის“ ლიდერების ერთობლივ დეკლარაციაშია აღნიშნული, რომელიც ბრაზილიის ქალაქ რიო-დე-ჟანეიროში მიმდინარე სამიტის ფარგლებში გამოქვეყნდა.
„უკრაინის ომთან დაკავშირებით, ხაზს ვუსვამთ ადამიანთა ტანჯვას და ომის ნეგატიურ ზემოქმედებას გლობალურ სასურსათო და ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე, მიწოდების ჯაჭვებზე, მაკროფინანსურ სტაბილურობაზე, ინფლაციასა და ეკონომიკურ ზრდაზე. მივესალმებით ყველა შესაბამის და კონსტრუქციულ ინიციატივას, რომელიც მხარს უჭერს ყოვლისმომცველ, სამართლიან და მდგრად მშვიდობას, იცავს გაერო-ს წესდების ყველა მიზნებსა და პრინციპებს ერებს შორის მშვიდობიანი, მეგობრული და კეთილმეზობლური ურთიერთობების ხელშეწყობისთვის“, – აღნიშნულია დოკუმენტში.
ცნობისთვის, „დიდი ოცეულის“ ლიდერები 18-19 ნოემბერს რიო-დე-ჟანეიროში შეხვედრას მართავენ. ერთობლივ დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ მათი მიზანია, განიხილონ ძირითადი გლობალური გამოწვევები და კრიზისები და ხელი შეუწყონ ეკონომიკის ძლიერ, მდგრად, დაბალანსებულ და ინკლუზიურ ზრდას.