„დიდი შვიდეულის“ ქვეყნებისა და ევროკავშირის ლიდერებმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა და ანტონიო კოშტამ იოჰანესბურგში „დიდი ოცეულის“ სამიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე ვაშინგტონის მიერ უკრაინისთვის შეთავაზებული სამშვიდობო გეგმა განიხილეს.
ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ფინეთის, ნორვეგიის, ესპანეთისა და ნიდერლანდების ლიდერები.
დისკუსიის დაწყებამდე საფრანგეთის, გაერთიანებული სამეფოსა და გერმანიის არაფორმალური უსაფრთხოების ალიანსის შეხვედრა გაიმართა.
შეერთებული შტატები და რუსეთი უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულების შესახებ 28-პუნქტიან გეგმაზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ, თუმცა ბრიუსელი მოლაპარაკებებში არ არის ჩართული. ევროკომისიის პრეზიდენტმა, ფონ დერ ლაიენმა გუშინ განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის დაუკავშირდება.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ მზადაა ვაშინგტონთან „კონსტრუქციული და პატიოსანი თანამშრომლობისთვის“. უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, რუსტემ უმეროვმა, დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ კიევი, აშშ-სთან კონსულტაციებს მომავალ კვირას შვეიცარიაში იწყებს.
შეგახსენებთ, უკრაინულმა მედიამ რუსეთ-უკრაინის ომის დასასრულებლად დონალდ ტრამპის „სამშვიდობო გეგმის“ შინაარსი გამოქვეყნა. ომის დასრულების გეგმა 28 პუნქტს შეიცავს.
ტრამპის „სამშვიდობო გეგმის“ მიხედვით, რუსეთი მეზობელ ქვეყნებში არ შეიჭრება; ამასთან, უკრაინა კონსტიტუციაში ჩაწერს, რომ ნატო-ში არ შევა. გეგმის მიხედვით, ალიანსი არ გაფართოვდება და უარს იტყვის გაფართოებაზე.
აშშ-ის პრეზიდენტის „სამშვიდობო გეგმაში“ საუბარია ტერიტორიულ საკითხებზეც. კერძოდ, ოკუპირებული ყირიმი და ლუგანსკისა და დონეცკის რეგიონები დე ფაქტო აღიარებული იქნებიან რუსულ რეგიონებად; ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონებში საზღვარი ამ დროისთვის არსებულ ფრონტის ხაზზე გავა, უკრაინული ძალები კი გავლენ დონეცკის ოლქის იმ ნაწილიდან, რომელსაც ისინი ამჟამად აკონტროლებენ.
აშშ მოითხოვს, რომ უკრაინა „უიტკოფ-დმიტრიევის სამშვიდობო გეგმას“ 27 ნოემბრამდე დაეთანხმოს.
ევროპელი ლიდერების ჯგუფი, სავარაუდოდ, რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების გეგმის განსხვავებულ ვერსიაზე მუშაობს, რომელიც უკრაინისთვის მეტად სამართლიან პირობებს ითვალისწინებს, ვიდრე ეს აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ შემუშავებულ 28-პუნქტიან დოკუმენტშია გათვალისწინებული. როგორც მედია წერს, ევროპელი ლიდერები იმედოვნებენ, რომ ომის დასრულების ალტერნატიული წინადადება უკრაინისთვის უფრო მისაღები იქნება და კიევი სწორედ მათ გეგმას დაუჭერს მხარს. ევროპელების მოლოდინია, რომ „ევროპულ გეგმაზე“ მუშაობა უახლოეს დღეებში დასრულდება, თუმცა, ნაკლებია მოლოდინია, რომ “ტრამპის გეგმის” განხილვისას ვაშინგტონმა მოქნილობა გამოავლინოს.
სამშვიდობო შეთანხმებისკენ იძულების მიზნით, აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციისა და იარაღის შეწყვეტით ემუქრება. ანონიმური წყაროების ცნობით, კიევზე ვაშინგტონის მხრიდან უფრო დიდი ზეწოლა იყო, ვიდრე წინა სამშვიდობო მოლაპარაკებების დროს და აშშ-ს სურს, უკრაინამ შეთანხმების ჩარჩოდოკუმენტს მომდევნო ხუთშაბათისთვის მოაწეროს ხელი. აშშ-ის სამხედრო მაღალჩინოსნების დელეგაცია კიევში პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. უკრაინაში აშშ-ის ელჩმა შეხვედრას წარმატებული უწოდა. „როიტერის“ თანახმად, ვაშინგტონი აშშ-სა და უკრაინას შორის დოკუმენტის ხელმოწერისთვის „აგრესიული ვადების“ დადგენას ცდილობდა.
გუშინ, 21 ნოემბერს, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც აღნიშნა, „უკრაინა შეიძლება, ძალიან რთული არჩევანის წინაშე აღმოჩნდეს, ან ღირსების, მთავარი პარტნიორის დაკარგვის რისკი, რთული 28 პუნქტი, ან უკიდურესად რთული ზამთარი“.




