ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განრცხადებით, მოტყუებით, დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანების ბრალდებით ორგანიზებული ჯგუფის სამი წევრი დააკავეს.
გამოძიებით თანახმად, ბრალდებულებმა, დანაშაულის შენიღბვის მიზნით, აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ პირებზე დაარეგისტრირეს კომპანიები და ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით, ურთიერთშორის გაწერეს 151 მილიონი ლარის ღირებულების რკინის კონსტრუქციები და ჯართი, რა გზითაც შექმნეს დღგ-ის ყალბი აქტივი, ჯამში 20 336 923 ლარის ოდენობით.
„ბრალდებულების მფლობელობაში არსებული ერთ-ერთი კომპანიის მიერ ჩათვლილ იქნა დღგ, ჯამში 563 353 ლარის ოდენობით, რომელიც სრულად გამოიყენეს მიმდინარე საგადასახადო ვალდებულებების დასაფარად. ტარდება შესაბამისი ღონისძიებები სახელმწიფო ბიუჯეტისთვის მიყენებული ზიანის სრული ოდენობის დადგენისა და დანაშაულის ჩამდენი სხვა პირების მხილების მიზნით“, – ნათქვამია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.
გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობით ისჯება.
