დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების ჯგუფურად გაფლანგვაში მიხეილ სააკაშვილთან ერთად ბრალდებულმა თეიმურაზ ჯანაშიამ ჩვენების მიცემაზე უარი თქვა

დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების ჯგუფურად გაფლანგვაში მიხეილ სააკაშვილთან ერთად ბრალდებულმა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილმა უფროსმა, თეიმურაზ ჯანაშიამ ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა.
როგორც მისმა ადვოკატმა ბექა ბასილაიამ განაცხადა, აღნიშნულის მიზეზი სასამართლოს მიმართ უნდობლობა და საქმის პოლიტიზებაა.
ბასილაიას თქმით, ჯანაშია საკუთარ პოზიციას საბოლოო სიტყვაში დააფიქსირებს.
რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, რომელსაც ასევე ჩვენება უნდა მიეცა, მისმა ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ განაცხადა, რომ პოზიცია სააკაშვილთან შეთანხმებული არ არის. იმის ფონზე კი, როცა ყოფილ პრეზიდენტს გუშინ, სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე შეფარდებული პატიმრობა ძალაში დაუტოვეს, სასამართლოს ეჭვქვეშ აყენებს.
მას შემდეგ, რაც სააკაშვილი საზოგადოებისთვის მიმართვას დაასრულებს, სხდომა მხარეების დასკვნითი სიტყვების ეტაპზე გადაიდება.
ცნობისთვის, აღნიშნულ საქმეს, რომელსაც საზოგადოება ე.წ. პიჯაკების საქმედ იცნობს, მიხეილ სააკაშვილთან ერთად ბრალდებულია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი თეიმურაზ ჯანაშიაც. პროკურატურა ბრალდებულებს საბიუჯეტო თანხის დიდი ოდენობით – 9 მილიონი ლარის ჯგუფურად გაფლანგვას ედავება.