დიდი ბრიტანეთი სპარსეთის ყურესა და ბალტიის ზღვაში სამხედრო გემებს აგზავნის.
როგორც გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მდივანმა გრანტ შეპსმა განაცხადა, სპარსეთის ყურისკენ სამეფო ფლოტის შემადგენლობაში მყოფი გემი HMS Diamond-ი მიემართება. ის შეუერთდება ფრეგატ HMS Lancaster-ს და სამ გამნაღმველ ხომალდს, რომლებიც იქ 2022 წლიდან იმყოფებიან.
„დიდი ბრიტანეთისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია რეგიონში წარმომადგენლობის გზარდა, რათა დავიცვათ ჩვენი ინტერესები მზარდად არასტაბილურ სამყაროში“, – განაცხადა დიდი ბრიტანეთის სამხედრო უწყების ხელმძღვანელმა.
მისივე თქმით, დამატებითი ხომალდის გაგზავნა იქნება სიგნალი ირანისა და მისი მხარდამჭერი ძალებისადმი რეგიონში.
ამასთან, ბრიტანული გემები დეკემბრიდან დაიწყებენ პატრულირებას ლა-მანშის წყლებში, ასევე ჩრდილოეთისა და ბალტიისპირეთის ზღვაში. ისინი უხელმძღვანელებენ სხვადასხვა ქვეყნის ხომალდების ჯგუფს, რომელთა ამოცანა წყალქვეშა კაბელების დაცვა იქნება. ამ ჯგუფში ასევე იქნებიან სამხედრო ხომალდები დანიიდან, ნორვეგიიდან, ისლანდიიდან, ფინეთიდან, ესტონეთიდან, ლატვიიდან და ლიეტუვიდან. დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მდივანმა ამ ოპერაციას ისტორიული მოვლენა უწოდა.
ცნობისთვის, ბოლო წლებში ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნები სულ უფრო ხშირად გამოთქვამენ შეშფოთებას კრიტიკულად მნიშვნელოვანი წყალქვეშა ინფრასტრუქტურის სიახლოვეს რუსეთის სადაზვერვო გემების გადაადგილების გამო. 2022 წლის ოქტომბერში ბალტიის ზღვაში დაზიანდა ესტონეთისა და ფინეთის დამაკავშირებელი წყალქვეშა გაზსადენი და კაბელი. ამ შემთხვევაში, ეჭვი მიიტანეს ჩინურ ხომალდზე და განაცხადეს, რომ მილსადენების დაზიანება ღუზით შეეძლო. ფინეთსა და ესტონეთს შორის ბუნებრივი აირის ტრანსპორტირება, სულ მცირე, 2024 წლის აპრილამდე არის შეჩერებული.