9
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის განცხადებით, რუსეთის წინააღმდეგ ნავთობთან დაკავშირებით არსებული სანქციები ძალაში რჩება და ახალი, უფრო მკაცრი ზომები მხოლოდ ეტაპობრივ გამონაკლისებს მოიცავს.
„რაც გუშინ გამოვაცხადეთ, არის ახალი, მკაცრი სანქციების პაკეტი. ის მოიცავს ახალ აკრძალვებს თხევადი ბუნებრივი აირის საზღვაო მომსახურებებზე და ასევე ახალ შეზღუდვებს რუსეთიდან შემოსულ გადამუშავებულ ნავთობპროდუქტებზე. ამასთანავე, გამოვეცით ორი მიზნობრივი მოკლევადიანი ლიცენზია, რათა ახალი სანქციები ეტაპობრივად ამოქმედდეს და ბრიტანელი მომხმარებლები დავიცვათ. ეს სტანდარტული პრაქტიკაა. ეს არის ახალი სანქციები, რომლებიც ეტაპობრივად ამოქმედდება. აქ არანაირად არ დგას არსებული სანქციების მოხსნის საკითხი, და ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს მოკავშირეებთან მუშაობას სანქციების დამატებით პაკეტებზე“, – აღნიშნა სტარმერმა.
ცნობისთვის, გუშინ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ რუსულ ნედლ ნავთობთან დაკავშირებული სანქციები შეამსუბუქა. კერძოდ, ქვეყანაში რუსული ნედლი ნავთობით წარმოებული საავიაციო საწვავის და დიზელის იმპორტი დაუშვა, თუ ისინი მესამე ქვეყნებში იქნება გადამუშავებული.
