„გარდიანის“ ცნობით, ბრიტანელი ლეიბორისტები შიშობენ, რომ პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა, შესაძლოა, თანამდებობა დაკარგოს. ამის მიზეზი კი ბრიტანეთის ყოფილი მინისტრი და აშშ-ში გაერთიანებული სამეფოს ელჩი, პიტერ მანდელსონია, რომელსაც კავშირები ჰქონდა ამერიკელ ფინანსისტთან და სექსუალურ მოძალადე ჯეფრი ეპშტეინთან. ბრიტანელი დეპუტატები იმ დოკუმენტების გასაჯაროებას ითხოვენ, რომლებიც მანდელსონის ელჩად დანიშვნას ეხება, რამაც, მათი თქმით, სტარმერის პოზიციას, შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას.
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული ჩანაწერების თანახმად, მანდელსონმა ეპშტეინს საიდუმლო სამთავრობო ინფორმაცია მიაწოდა. ბრიტანული მედიის ცნობით, ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ მანდელსონმა, როგორც ვაჭრობის მინისტრმა, სხვა საკითხებთან ერთად, 2009 წელს ეპშტეინს გადასცა ინფორმაცია ნახევარმილიარდევროიანი დახმარების ფონდის შესახებ, რომლის შექმნასაც ევროკავშირი ამზადებდა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ბრიტანეთის პოლიცია იძიებს მანდელსონის მიერ უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტს, რაც სამუდამო პატიმრობას ითვალისწინებს. ეპშტეინთან კავშირების გამო, სტარმერმა მანდელსონი აშშ-ში ელჩის თანამდებობიდან გასული წლის სექტემბერში გადააყენა. ბრიტანეთის მთავრობა უკვე მუშაობს საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომლის საფუძველზე ყოფილ მინისტრსა და ელჩს პარლამენტიდან გააძევებენ და პერის ტიტულის ჩამოართმევენ.
საქმის გახმაურების შემდეგ, მანდელსონი მმართველი ლეიბორისტული პარტიის რიგებიდან გავიდა და ლორდთა პალატა დატოვა, მაგრამ შეიძლება შეინარჩუნოს პერის ტიტული, თუ კანონმდებლები მისი ჩამორთმევისგან თავს შეიკავებდნენ. საუკუნეზე მეტია, მათ ასეთი ნაბიჯი არ გადაუდგამთ.
კომბინირებულ ფოტოზე აღბეჭდილნი არიან კირ სტარმერი და პიტერ მანდელსონიფოტოები: ოლი სკარფი / სააგენტო „ფრანს პრესი“
აშშ-ში ელჩად მანდელსონის დანიშვნასთან დაკავშირებული დოკუმენტების გამოქვეყნებას დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს. მასალებიდან შეიძლება გაირკვეს, რა იცოდა მთავრობამ ეპშტეინთან მანდელსონის ურთიერთობის შესახებ. დოკუმენტების გასაჯაროებაზე თანხმობას წინ უძღოდა განრისხებული ლეიბორისტების მიერ მთავრობის იძულება, რომ მიდგომა შეეცვალა, რადგან თავდაპირველად მასალების ნაწილის დამალვა იგეგმებოდა.
ოთხშაბათს გამართულ თემთა პალატის დრამატულ სხდომაზე სტარმერი დოკუმენტების გასაჯაროებას დაეთანხმა, მაგრამ დაჟინებით მოითხოვა, არ გამჟღავნებულიყო ისეთი რამ, რაც ზიანს მიაყენებდა ეროვნულ უსაფრთხოებას ან დიპლომატიურ ურთიერთობებს.
ეს პოზიცია მას შემდეგ გადაისინჯა, რაც ლეიბორისტმა მაღალჩინოსნებმა, მათ შორის ყოფილმა ლიდერის მოადგილემ და ვიცე-პრემიერმა, ანჯელა რეინერმა მინისტრებს მიდგომის შეცვლისკენ მოუწოდეს. საბოლოოდ მთავრობა დათანხმდა, რომ სენსიტიური მასალები დაზვერვისა და უსაფრთხოების პარტიათაშორის საპარლამენტო კომიტეტისთვის გადაეცა.
მაგრამ დოკუმენტების გამოქვეყნებამ შეიძლება პოლიციის მიერ საქმის გამოძიება შეაფერხოს. სამართალდამცავების განცხადებით, ზოგიერთი მასალის გამჟღავნებამ, შესაძლოა, გამოძიებას საფრთხე შეუქმნას და ამიტომ, მთავრობას მათი გამოქვეყნების გადადება სთხოვა.
სლოვაკეთის პრემიერის მრჩეველი ლაიჩაკი გადადგა. მისი სახელი ეპშტეინის მასალებში ფიგურირებს (ჩეხურ ენაზე)
ლეიბორისტ დეპუტატებზე დაყრდნობით, „გარდიანი“ წერს, რომ სკანდალი და მანდელსონის ელჩად დანიშვნასთან დაკავშირებული დოკუმენტების გამოქვეყნება პრემიერ-მინისტრ სტარმერს, შესაძლოა, თანამდებობის ფასად დაუჯდეს.
„ბოლო დროს ბევრი ცუდი დღე გვქონდა, მაგრამ, ვფიქრობ, დღევანდელი ჯერჯერობით ყველაზე უარესია“, – განაცხადა ანონიმმა ექს-მინისტრმა. „ნდობა შეზღუდულია. პირადად მე, დარწმუნებული არ ვარ, რომ უნდობლობის ვოტუმის დროს პრემიერ-მინისტრის მხარდაჭერას შევძლებ“, – აღნიშნა ერთ-ერთმა დეპუტატმა.
ოთხშაბათს, კითხვებზე პასუხის გაცემისას, სტარმერმა განაცხადა, რომ ეპშტეინთან მანდელსონის ურთიერთობის „სიღრმისა და მასშტაბის“ შესახებ ის შეცდომაში შეიყვანეს. „მანდელსონი ხშირად ცრუობდა ჩემს გუნდთან, როდესაც ელჩად დანიშვნამდე და ელჩობის პერიოდში ეპშტეინთან ურთიერთობის შესახებ ეკითხებოდნენ. ვწუხვარ, რომ ის დავნიშნე“, – განაცხადა სტარმერმა.
„მაშინ რომ მცოდნოდა ის, რაც ახლა ვიცი, მანდელსონი მთავრობას ვერც კი გაეკარებოდა“, – დასძინა პრემიერ-მინისტრმა.
სტარმერმა აღიარა, რომ ეპშტეინისთვის ბრალის წყენების შემდეგ მასთან მანდელსონის მიერ ურთიერთობის გაგრძელების შესახებ იცოდა, რამაც ლეიბორისტი დეპუტატები განარისხა. თუმცა მისმა ოფისმა განაცხადა, რომ სტარმერი მხოლოდ იმას გულისხმობდა, რაც საჯაროდ იყო ცნობილი. პრემიერ-მინისტრი ამტკიცებს, რომ მანდელსონმა ეპშტეინი წარმოაჩინა, როგორც პიროვნება, რომელსაც მხოლოდ შორიდან იცნობდა.
წყარო: 1 არხი




