საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს შეფასებით, დიდი ბრიტანეთის მიერ ივანიშვილის და მისი ოჯახის წევრების სანქცირების შემთხვევაში, ფინანსურ სანქციებში მოჰყვება ივანიშვილების ოჯახის თითქმის მთელი ბიზნეს იმპერია, რადგან ეს კომპანიები, საბოლოო ჯამში, სწორედ გაერთიანებული სამეფოს ოფშორულ ტერიტორიებზეა რეგისტრირებული (ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულები და კაიმანის კუნძულები).
ორგანიზაციის განცხადებით, გაერთიანებულ სამეფოს მკაცრი სასანქციო რეჟიმი აქვს. მის მიერ დაწესებული ფინანსური სანქციები აქტივების გაყინვას, ფინანსურ სერვისებზე, რესურსებზე და ბაზრებზე წვდომის შეჩერებას გულისხმობს.
გაერთიანებულ სამეფოში შედის ე.წ. ოფშორული ტერიტორიები: ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულები და კაიმანის კუნძულები, სადაც ბიძინა ივანიშვილის კომპანიებია დარეგისტრირებული. გაერთიანებული სამეფოს კანონმდებლობით, მის მიერ დაწესებული სანქციები ამ ოფშორულ ტერიტორიებზეც ვრცელდება.
ცნობისთვის, გაერთიანებული სამეფოს თემთა პალატის 15-მა წევრმა აღმასრულებელ ხელისუფლებას ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების მიზნით მიმართა.