გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრის გრანტ შაპსის განცხადებით, წითელ ზღვაში სატვირთო გემებზე თავდასხმაში ირანი დიდ როლს თამაშობს. ამის შესახებ შაპსმა The Telegraph-თან ინტერვიუში განაცხადა.
„ირანი აქ {წითელ ზღვაში გემებზე თავდასხმა} მნიშვნელოვან როლს თამაშობს. ირანმა უნდა გააცნობიეროს და რეგიონში მის ბევრ მარიონეტულ დაჯგუფებას უნდა აცნობოს, რომ ამისგან კარგი არაფერი გამოვა, ყველა წააგებს თუ ისინი გააგრძელებენ იგივე ქმედებას“, – აცხადებს გრანტ შაპსი.
შაპსმა უარი თქვა კომენტარზე კვლავ მოახდენს თუ არა დიდი ბრიტანეთი მორიგ საჰაერო იერიშს ჰუსიტების წინააღმდეგ.
შეგახსენებთ, რომ 12 იანვრის ღამეს შეერთებულმა შტატებმა, დიდ ბრიტანეთთან კოორდინაციით და ავსტრალიის, კანადის, ნიდერლანდების და ბაჰრეინის მხარდაჭერით, ერთობლივი საჰაერო იერიში დაიწყო იემენში ჰუსიტების სტრატეგიულ ობიექტებზე.