დიდი ბიუჯეტი, დიდი იმედგაცრუება – 2024 წლის ყველაზე წარუმატებელი ფილმები

სტრიმინგის ეპოქასა და ფრენჩაიზებით გადაღლილობის ფონზე, მზარდმა ბიუჯეტებმა და მაყურებლის ნაკლებმა ჩართულობამ კინოინდუსტრიაში ფინანსური წარუმატებლობები გაახშირა და უფრო მასშტაბური გახადა. 2024 წელს ამ პრობლემის წინაშე არაერთი ბლოკბასტერი აღმოჩნდა — მათ არათუ ფილმის გადაღებაზე დახარჯული თანხის ამოღება ვერ შეძლეს, ზოგიერთმა მილიონობით დოლარითაც იზარალა.
Deadline-ის მონაცემების თანახმად, გასული წელი ყველაზე წარუმატებელი Warner Bros-ის მიერ გამოშვებული ფილმისთვის — Joker: Folie à Deux-ისთვის აღმოჩნდა, რომელმაც კინოსტუდია დაახლოებით 144 მილიონი დოლარით აზარალა. კერძოდ, კინოსურათის გადაღებისთვის $371.3 მილიონი დახარჯა, მისმა გლობალურმა შემოსავალმა კი $227 მილიონი შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ ფრენჩაიზის პირველმა ფილმმა — Joker, რომელიც 2019 წელს გამოვიდა, მსოფლიო კინოთეატრის სალაროებიდან $1.079 მილიარდის შემოსავალი მიიღო. ფილმმა მსგავსი ფინანსური მაჩვენებელი Joker: Folie à Deux-ზე დაახლოებით 6-ჯერ ნაკლები ბიუჯეტით დააფიქსირა. Joker-ის გადასაღებად 55-70 მილიონი დოლარი დაიხარჯა.
2024 წელს წარუმატებელი აღმოჩნდა Warner Bros-ის კიდევ ერთი მაღალბიუჯეტიანი გაგრძელება – Furiosa: A Mad Max Saga, რომელმაც Mad Max: Fury Road-ის წარმატება ვერ გაიმეორა. ფილმის ბიუჯეტი $330 მილიონს აჭარბებდა, თუმცა მან კინოსტუდია $119.6 მილიონით აზარალა. Furiosa: A Mad Max Saga-ს შემოსავალმა $211 მილიონი შეადგინა.
შედარებისთვის, 2015 წელს გამოსული Mad Max: Fury Road-ის ბიუჯეტი $154.6-185.2 მილიონი იყო, მის მიერ მიღებულმა გლობალურმა შემოსავალმა კი $380.5 მილიონი შეადგინა. მართალია, ამ შემთხვევაში განსხვავება ისეთი დიდი არ არის, როგორიც „ჯოკერის“ ფრენჩაიზის ფილმებს შორის, თუმცა Mad Max: Fury Road-მა მისი გაგრძელებისგან განსხვავებით კინოსტუდიას მოგება მაინც მოუტანა.
გასულ წელს არც სუპერგმირებზე გადაღებულ ფილმებს გაუმართლა – Sony Pictures-ის Kraven the Hunter-ი კიდევ ერთი მაგალითია იმისა, თუ როგორ გადაღალა ტრადიციული სუპერგმირების ჟანრის ფილმებმა მაყურებელი. კრიტიკოსების უარყოფითი შეფასებები და მაყურებელთა ინტერესის ნაკლებობა ფილმს $71-მილიონიანი ზარალი დაუჯდა.
ფინანსურად წარუმატებელი აღმოჩნდა ფრენსის ფორდ კოპოლას სამეცნიერო ფანტასტიკის დრამა Megalopolis-ი – ოცნების პროექტი, რომელზეც რეჟისორი 20 წელზე მეტხანს მუშაობდა. მან ფილმი საკუთარი დაფინანსებით, $120-მილიონიანი ბიუჯეტით გადაიღო და ამისთვის თავისი ღვინის ბრენდის ნაწილიც კი გაყიდა. კინოსურათმა მხოლოდ $70.5 მილიონი გამოიმუშავა, რაც $75.5-მილიონიან ზარალს ნიშნავს.