დიდი ალბათობით, გაფართოების მიმართულებით საქართველოს ფაილი დაიხურება – პეტერ ფიშერი

გერმანიის ელჩი საქართველოში პეტერ ფიშერი რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში ამბობს, რომ, დიდი ალბათობით, დეკემბერში ევროპული საბჭოს სხდომაზე ევროკავშირის ლიდერები დაადასტურებენ, რომ საქართველოს მიმართულებით გაფართოების “ფაილი დახურულია”. მისი სიტყვებით, გაფართოების შესახებ ევროკომისიის ანგარიში, რომელიც 4 ნოემბერს გამოქვეყნდა, მოწმობს, რომ საქართველოს ახლანდელი კურსით, “საქართველოსთვის არ არსებობს გაწევრიანებისკენ სიცოცხლისუნარიანი გზა”, როგორც ეს ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა კაია კალასმა განაცხადა.
“გერმანიამ ძალიან ბევრი იმუშავა, საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი რომ მიეღო. ოცდაათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში გვქონდა პრივილეგირებული პარტნიორობა საქართველოსთან, რომელიც ეფუძნებოდა დემოკრატიის განვითარებას, საბაზრო ეკონომიკის განვითარებას და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის სურვილის მხარდაჭერას. კულმინაცია იყო კანდიდატის სტატუსი და სწორედ მისი მიღების შემდეგ ვითარება გაფუჭდა და კიდევ უფრო გაუარესდა.
გაფართოების შესახებ ევროკომისიის ანგარიში 4 ნოემბერს გამოქვეყნდა. ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა კაია კალასმა განაცხადა, რომ ანგარიშის მიხედვით, როგორი ვითარებაც ახლაა, საქართველოს ახლანდელი კურსით, საქართველოსთვის არ არსებობს გაწევრიანებისკენ სიცოცხლისუნარიანი გზა. კომისარმა გაფართოების საკითხებში მარტა კოსმა განაცხადა, რომ ეს არის გაფართოების შესახებ ყველაზე ცუდი ანგარიში, როგორიც კი რომელიმე ქვეყანას ჰქონია. თუკი შენ ხარ ქართველი და შენი მისწრაფება ევროკავშირში გაწევრიანებაა, ეს ანგარიში კატასტროფულია შენთვის. მე ბევრჯერ საჯაროდ მითქვამს, ევროკავშირი იმართება წერილობით. მოვუწოდებ ადამიანებს, წაიკითხონ ეს ანგარიში. ის არის ინტერნეტში – ნახეთ ევროკომისია, 4 ნოემბერი.
გერმანია ეთანხმება ამ ანგარიშს, ჩვენ ვეთანხმებით მას. საქართველომ გადაუხვია ევროკავშირში გაწევრიანების გზიდან. ეს არ არის ჩვენი პასუხისმგებლობა, ეს საქართველოს პასუხისმგებლობაა. ეს არ არის ჩემი პასუხისმგებლობა. ეს საქართველოს მოქალაქეების პასუხისმგებლობაა. თუმცა ვფიქრობ, ეს უნდა იყოს გამომაფხიზლებელი სიგნალი საქართველოს მოქალაქეებისთვის – თუ რა მოხდა იმ ერთ წელიწადში.
თუკი ვამბობ, რომ გერმანია იწონებს ამ ანგარიშს, ეთანხმება მას, ეს ნიშნავს, რომ ჩვენთვის ეს [საქართველოს] ფაილი დახურულია – არა იმიტომ, რომ არ გვინდა საქართველო. ჩვენ გვინდა საქართველო, ჩვენ შევთავაზეთ და მივანიჭეთ საქართველოს კანდიდატის სტატუსი, ნდობაზე დაფუძნებით. არსებულ პირობებში, არსებული კურსით კი, გერმანია აღარ მუშაობს გაფართოებაზე [საქართველოს კონტექსტში – რ.თ.], არც აღარავინ ევროკავშირში.
დიდი ალბათობით, დეკემბრის ევროპულ საბჭოზე, როცა ჩვენი სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურები შეიკრიბებიან, ისინი ამას დაადასტურებენ – ფაილი დაიხურება საქართველოს მხარის ქმედებების გამო. არ მგონია, ამ ქმედებების ხელახლა ჩამოთვლა მჭირდებოდეს, თუმცა შეხსენებისთვის: ამ ქვეყანაში განადგურდა არასამთავრობო ორგანიზაციები, დემონსტრანტების უფლებები ირღვევა – გამოხატვის თავისუფლება და შეკრების თავისუფლება ირღვევა. პოლიტიკური პარტიები ნადგურდება. ზოგიერთი ციხეში ჩასვეს; გეგმაშია კანონი იმ პირთა პოლიტიკურ აქტივობაზე, რომლებიც ოდესმე ასოცირდებოდნენ აკრძალულ პოლიტიკურ პარტიასთან და ცალკეული პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესახებ კანონი. მოველი, რომ ეს მოხდება; დიდი ზეწოლის ქვეშ არის თავისუფალი მედია”, – ამბობს პეტერ ფიშერი რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში.
მისი სიტყვებით, “საქართველო წავიდა სხვა მიმართულებით. ეს ნამდვილად არის მწარე და სევდიანი სიმართლე”. ამასთან, ანგარიშზე დაყრდნობით ამბობს, რომ საქართველოს, თურქეთის მსგავსად, რჩება კანდიდატი ქვეყნის სტატუსი და ევროკავშირი არ კარგავს იმედს, ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანებისთვის საჭირო ნაბიჯებს გადადგამს.
“მზად ვართ დავიწყოთ სუფთა ფურცლიდან, მაგრამ ახლა ფაქტები სხვა რამეზე მეტყველებს. და არავისზე ხორციელდება ზეწოლა ან შანტაჟი, რომ ევროკავშირში გაწევრიანდეს, არავის აძალებენ ევროკავშირში გაწევრიანებას. ევროკავშირში გასაწევრიანებლად ქვეყნებს იწვევენ. თუკი არ გსურს ან ვერ ახერხებ, არც წევრიანდები. ეს ნამდვილად არის… როგორ ვამბობთ ხოლმე? – ეს არის ფაქტები. სხვა ყველაფერი არ არის სიმართლე. ჩვენ ძალიან ვეხმარებით ქვეყნებს, რომლებსაც სურთ გაწევრიანება. ჩვენ ამას ვუწოდებთ – მეტი მეტისთვის. საქართველო ამ გზაზე იდგა, მაგრამ აღარ დგას”, – ამბობს პეტერ ფიშერი.
ინტერვიუში ის ასევე პასუხობს საქართველოს მმართველი პოლიტიკური გუნდის კრიტიკას მის მიმართ, რომლის თანახმადაც, თითქოს ელჩი საქართველოს შიდა საქმეებში ერევა.
“მე ვარ გერმანელი დიპლომატი. მე აქ წარმოვადგენ გერმანიის ინტერესს და გერმანიას, როგორც ევროკავშირის ნაწილს. ასე რომ, მე აქ ნაწილობრივ წარმოვადგენ ევროკავშირის ინტერესსაც. მე არასდროს ჩავრეულვარ და არასდროს ჩავერევი საქართველოს საშინაო პოლიტიკაში, საქართველოს შიდა საქმეებში. არასდროს დამიჭერია მხარი და არც არასდროს არ დავუჭერ მხარს საქართველოს რომელიმე პოლიტიკურ პარტიას. არ გამიკეთებია ეს და არც გავაკეთებ. არასდროს დამირღვევია და არც დავარღვევ დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციას. ვენის კონვენციის მესამე მუხლის მეოთხე წინადადებაში წერია, რომ დიპლომატიური აგენტის ერთ-ერთი საქმე არის, ყველა კანონიერი გზით შეაგროვოს ინფორმაცია ქვეყანაზე, სადაც არის წარგზავნილი და მოახსენოს ამის შესახებ თავის ქვეყანას. მე სწორედ ამას ვაკეთებ. ვერავინ ვერაფერს წარმოაჩენს, რაც დაადასტურებდა, რომ მე რამე უკანონო გავაკეთე. ბოდიშს ვიხდი ამ დიდი, მსუყე უარმყოფელი განცხადების გამო, მაგრამ ვიცი, რომ ამ ინტერვიუს შემდეგ ჩამოთვლილ სამივე საკითხში დამდებენ ბრალს, მაგრამ არცერთი ეს ბრალდება არ ყოფილა და არც იქნება სიმართლე”, – ამბობს პეტერ ფიშერი.
4 ნოემბერს ბრიუსელში გამართულ „ევროკავშირის გაფართოების სამიტზე“ ითქვა, რომ “საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის მხოლოდ სახელი დარჩა”.
გერმანიის ელჩი საქართველოში პეტერ ფიშერი ცოტა ხნის წინ დაბრუნდა საქართველოში, ის ქვეყნის საგარეო უწყებას კონსულტაციისთვის ჰყავდა გაწვეული.
ელჩი პეტერ ფიშერი „ქართული ოცნების“ თავდასხმების სამიზნე არაერთხელ გახდა. მას ძირითადად რადიკალიზმის ხელშეწყობაში, ოპოზიციის მფარველობასა და ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაში ადანაშაულებდნენ. „ოცნებაში“ ბოლო დროს ხშირად აცხადებდნენ, რომ გერმანიის ელჩი „ვენის კონვენციის“ მოთხოვნებს უგულებელყოფდა.
პეტერ ფიშერი “ქართული ოცნების” ხელისუფლებას დემოკრატიის უკუსვლისთვის აკრიტიკებდა და წუხილს ღიად გამოხატავდა იმის გამო, რომ საქართველო კარგავს დროსა და ევროკავშირში გაწევრიანების ისტორიულ შანსს.
· 2024 წლის 31 დეკემბერს და 2025 წლის 24 მარტს გერმანიამ, სხვა დასავლური ქვეყნების მსგავსად, სავიზო შეზღუდვები დაუწესა „ქართული ოცნების“ ოფიციალურ პირებს.
· გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალურმა სამინისტრომ საწყის ეტაპზევე მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს ხელისუფლებისთვის 237 მილიონი ევროს დაფინანსების შეჩერების შესახებ; თუმცა გაგრძელდა პროექტები, რომლებითაც, როგორც ბერლინი აცხადებს, საქართველოს ხალხს ეხმარება.
· გერმანიამ აღარ განაახლა მთელი რიგი პროგრამები.
ფორუმი