უკრაინაში კვირას მოსული თოვლის და ძლიერი ქარბუქის შედეგად, ათი ადამიანი დაიღუპა, აცხადებს შინაგან საქმეთა მინისტრი იჰორ კლიმენკო. შტორმმა ელექტროენერგიის გამორთვა გამოიწვია და ბევრგან გზები გადაიკეტა.
განსაკუთრებით დაზარალდა ქვეყნის სამხრეთ ნაწილი, შავი ზღვის მიმდებარე ოდესის რაიონი. მანქანები და ავტობუსები გაყინული გზებიდან მინდვრებში გადაცურდა. პოლიციას და სამხედროებს კი ძლიერ ქარში მათი გზებზე გადაყვანა უჭირდათ.
“ამინდის პირობების გაუარესების შედეგად ოდესის, ხარკოვის, მიკოლაევისა და კიევის რეგიონებში 10 ადამიანი დაიღუპა“, – დაწერა 28 ნოემბერს კლიმენკომ სოციალურ ქსელ “ტელეგრამზე”. შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, 23 ადამიანი დაშავდა და მათ შორის ორი ბავშვია. 11 რაიონის 411 დასახლებას ელექტროენერგია აღარ მიეწოდებოდა. კლიმენკოს განცხადებით, გზებზე 1 500-ზე მეტი ავტომობილის ხსნა გახდა საჭირო.
ოლეჰ კიპერმა, ოდესის რეგიონის გუბერნატორმა, სადაც ამინდის გამო ხუთი ადამიანი დაიღუპა, თქვა, რომ მათთან თოვლში მოხვედრის შემდეგ, თითქმის 2 500 ადამიანი გადაარჩინეს. „849 მანქანა გაყვანილია, მათ შორის 24 ავტობუსი და 17 სასწრაფო დახმარების მანქანა“, დაწერა კიპერმა “ტელეგრამზე” და დასძინა, რომ ოდესის რაიონში 300-ზე მეტი დასახლება ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.