„დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარების პროცესში თავდაცვის ძალები ჩაერთვებიან“, – წერია „ქართული ოცნების“ მთავრობის მიერ ფეისბუკზე 25 თებერვალს გამოქვეყნებულ პოსტში.
ამავე წყაროს თანახმად, შესაბამისი განკარგულება ირაკლი კობახიძემ გამოსცა.
სხვა დეტალები – მაგალითად, ამ საქმისათვის გამოყოფილი კონტინგენტის რაოდენობა – ჯერ უცნობია. რადიო თავისუფლება ცდილობს დამატებითი ინფორმაციის მიღებას უწყებებისგან.
20 თებერვლის შემდეგ გურიასა და აჭარაში დიდი თოვლის გამო გაჩერებულია საავტომობილო მოძრაობა, სოფლების დიდი ნაწილი გარესამყაროს არის მოწყვეტილი.
გარესამყაროს მოწყვეტილ ხალხს გადაუდებელი დახმარება სჭირდება – გურიაში დიდთოვლობის გამო რთულ მდგომარეობაში მყოფი ბევრი მოქალაქე ხელისუფლების უყურადღებობას უჩივის.
დიდთოვლობამ დააზარალა აჭარის, სამეგრელოსა და იმერეთის რეგიონებიც.
შეფერხებულია ენერგომომარაგება.
დროებით დაიხურა ბათუმის აეროპორტი.
