დიდთოვლობამ დასავლეთ საქართველოში პრობლემები შექმნა. ათობით ადამიანი ამ დროისთვის გზის გაწმენდას ელოდება. რთული ვითარებაა გურიაში. რამდენიმე სოფელი გარე სამყაროს არის მოწყვეტილი. ისინი შველას ითხოვენ, თუმცა მაშველები იქამდე მისვლას ვერ ახერხებენ. მოქალაქები ამბობენ, რომ რამდენიმე სახლი დიდთოვლის გამო დაიშალა. არ მიეწოდებათ დენიც.
არის სტიქია, კატაკლიზმა, შეიძლება იტქვას, თოვლი მოვიდა იმ რაოდენობით, რომ ჩრდილოეთ ქვეყნებში მიცხოვრია და ამხელა თოვლი არ მინახავს. ყოველი მეორე ხე ან მესამე ან მოტყდა, ან ტოტი მოტყდა ან თვითონ წაიქცა. მე, დაახლოებით, 1.95 ვარ სიმაღლე და წელამდე მწვდება. ვერ გავდივართ, ვერ გამოვდივართ, შუქი არ არის, არაფერი არ არის. მე რასაც ვხედავ, ჩემი სახლიდან ჩანს სულ 4 სახლი და აქედან 2-ზე ხეა დაცემული, – ამბობს ტელეკომპანია „მაესტროს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი მამუკა ღლონტი, რომელიც ამ წუთებში კაპროვანში იმყოფება.
მოქალაქეები ვერ ახერხებენ გადაადგილებას მსუბუქი ავტომობილებითაც. ერთ-ერთი ოჯახი სოფელ შრომაში მცირეწლოვანი ბავშვებით ღამის ოთხი საათიდან ითხოვს შველას, მაგრამ სამაშველო სამსახურები არ ჩანან. “ვიყინებით, მოგვაქციეთ ყურადღება!” – ითხოვს მოქალაქე ვიდეოჩანაწერში.
შეფერხებით მუშაობს რკინიგზა. ამ წუთებში მატარებელი სუფსა – ჯუმათის მონაკვეთზეა გაჩერებული. სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრში ჩანს, რომ რკინიგზის ლიანდაგებს თოვლისგან მხოლოდ ორი ადამიანი წმენდს.