ადამიანებს მიწიერი სამშობლო იმისთვის გვიბოძა ღმერთმა, რომ ზეციური სამშობლოს უსაზღვროება შეგვეგრძნო, იმისთვის, რომ ჩვენი მიწიერი სამშობლო სხვათა მამულის სიყვარულისა და მსახურების საფუძვლად გვექცია.
2023 წლის 10- 13 ნოემბერს კუნძულ ტექსელზე მოქალაქეობის სწორედ ასეთი მაღალი შეგრძნებით გამორჩეული ადამიანები შეკრიბა ნიდერლანდების ქართული კულტურის ცენტრის დამფუძნებელმა, ქართული ემიგრაციის თვალსაჩინო წარმომადგენელმა, ცნობილმა ბიზნესმენმა და ქველმოქმედმა თიკა სვანიძე ვენკომ.
პროექტის მიზანი გახლდათ ევროპასა და ამერიკაში არსებული ქართული დიასპორების ძალისხმევის მიმართვა ქართული კულტურისა და ისტორიის წარმოსაჩენად, ქართული სახელმწიფოს მხარდასაჭერად, კულტურათაშორისი დიალოგისათვის პლატფორმის შესაქმნელად.
პროექტის მონაწილეებს პროექტის ავტორსა და ინიციატორთან, ფინანსურ მხარდამჭერ ქალბატონ თიკა სვანიძე ვენკოსთან ერთად მასპინძლობდნენ ტექსელის სამთავრობო სტრუქტურების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საზოგადოების თვალსაჩინო წარმომადგენლები: ტექსელის მერი რობ ვან დერ ზვააგი, ბურგომისტრი, მერიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, მწერალი ქალბატონი ტესა ვან დაალენი, უბრალო ტექსელელი მოქალაქეები, რომელთა გულებში ჯერ ისევ ცოცხალია ნაციზმისა და ფაშიზმის წინააღმდეგ აჯანყებული 567 ქართველის ხსოვნა.
პროექტის საპატიო სტუმრები იყვნენ საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი ნიდერლანდების სამეფოში ბატონი დავით სოლომონია, ბელგიისა და ჰოლანდიის ეპისკოპოსი ყოვლადუსამღვდელოესი დოსითეოსი, კორნელი კეკელიძის სახელობის ქართულ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორი ბატონი ზაზა აბაშიძე, თიკა სვანიძე ვენკოს უკვე ბესტსელერად ქცეული ავტობიოგრაფიული რომანის – „ქალი სხვა სამყაროდან“ – რედაქტორები ბელა სარია და ლექსო დორეული, ირანელი ბიზნესმენი, ქართული კულტურის მოამაგე ბატონი ამირ იაშარ აჯამი მეუღლით.
პროექტი – „ქართული დღეები კუნძულ ტექსელზე“ აერთიანებდა 10 სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ 170-ზე მეტ მონაწილეს, ფონდის „დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის“ წარმომადგენლებს ნიდერლანდების სამეფოდან, საფრანგეთიდან, ბელგიიდან, ირლანდიიდან, გერმანიიდან და სხვ. კულტურული, საგანმანათლებლო და შემეცნებითი აქტივობები ერთნაირად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა პროექტის ყველა მონაწილისათვის.
პროექტის პირველ დღეს, მონაწილეები „ტექსელის ავიაციისა და ომის მუზეუმს“ ესტუმრნენ და ტექსელის ქართველთა აჯანყებისადმი მიძღვნილი სპეციალური ექსპოზიცია დაათვალიერეს.
შემდგომ კი შეკრებილმა საზოგადოებამ კუნძულ ტექსელზე ქართველთა სასაფლაო და თიკა სვანიძე ვენკოს დაფინანსებით შექმნილი მემორიალური მონუმენტი მოინახულა. თავისუფლებისათვის ბრძოლაში გმირულად დაღუპული ქართველი მეომრების სულის მოსახსენიებელი პარაკლისი გადაიხადა ბელგიისა და ჰოლანდიის ეპისკოპოსმა ყოვლადუსამღვდელოესმა დოსითეოსმა. დაუვიწყარი იყო კუნძულელების მონათხრობი ამბები ქართველთა ვაჟკაცობის, სიყვარულისა და მეგობრობის შესახებ. მუზეუმში სათუთად ინახება ქართველი ჯარისკაცის უბის წიგნაკი, რომელშიც ქართულ და ჰოლანდიურ ენებზე ამოიკითხავთ: „თქვენ ჩემი შეყვარებული ხართ, ქალბატონო“.
პროექტის სტუმრებისა და მონაწილეების განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია თიკა სვანიძე ვენკოს ბესტსელერის, ავტობიოგრაფიული რომანის „ქალი სხვა სამყაროდან“ ინგლისური თარგმანის წარდგენამ, რომელსაც უძღვებოდნენ ნიდერლანდელი მწერალი ქალბატონი ტესა ვან დაალენი და თავად ავტორი. წარდგენაზე დადასტურდა, რომ „ქალი სხვა სამყაროდან“ წარმოადგენს ორ ქვეყანას, საქართველოსა და ნიდერლანდების სამეფოს შორის ურღვევი მეგობრობის დასტურს.
ღონისძიება გაგრძელდა კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრთან თანამშრომლობის ფარგლებში ორგანიზებული გამოფენით „ნიდერლანდების სამეფო – რას მოგვითხრობენ ქართული ხელნაწერები?“. ტექსელელთათვის და ქართველთათვისაც სასიამოვნო მოულოდნელობა იყო იმის გაგება, რომ ქართულ-ჰოლანდიური ურთიერთობები XVI საუკუნიდან იწყება.
უმნიშვნელოვანესი იყო ქართულ-აფხაზური საერთო წარსულის დასტურად უნიკალური ხელნაწერის, მოქვის სახარების წარდგინება. საოცარი ინტერესით ისმენდნენ ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში აღზრდილი პატარები მოქვის სახარების ამბავს, იმას, რომ სოფელ მოქვში, რომელიც მდებარეობს დღევანდელი ოჩამჩირეს ახლოს, X საუკუნეში ლეონ III-ს აუგია ტაძარი, სადაც XIII საუკუნეში წმინდა ბერს, ეფრემს ქართულად გადაუწერია სახარება, რომლისთვისაც შემდგომში ტაძრის სახელის მიხედვით, მოქვის სახარება უწოდებიათ. დიახ, X-XIII და შემდგომ საუკუნეებშიც სწორედ ერთიანი სახელმწიფოებრივი და კულტურული სივრცე აერთიანებდათ ქართველებსა და აფხაზებს. აღნიშნულ ფაქტებზე თვალის დახუჭვა ისტორიის გაყალბებაა და სხვა არაფერი. ამ დღის შემდეგ აფხაზეთიდან დევნილ პატარებს აღარასოდეს დატოვებს მოქვის სახარების ნათელი და მშობლიური საქართველოს, მშობლიური აფხაზეთის სიყვარული.
გამოფენის პარალელურად გაიმართა „მეღვინეობა TSV“ განსაკუთრებული ჩამოსხმის ღვინის წარდგენა და დეგუსტაცია. სპეციალური გამოშვების ღვინომ კიდევ უფრო თვალსაჩინო გახადა საქართველოში ღვინის კულტურის 8000 წელზე უძველესი ისტორია და მეტიც, შეძლო ამ ისტორიის გაზიარება ტექსელის ადგილობრივი მოსახლეობისა და ღონისძიების სტუმრებისთვის.
დაუვიწყარი იყო კალიგრაფიის მასტერკლასები ქალბატონების ლეილა ბაღბაიასა და ნესტან ბაგაურის ხელმძღვანელობით, ქართული ანბანი უსიტყვოდ აკეთებდა თავის საქმეს, მისტიკურ წიაღში იწვევდა და გულში იკრავდა იქ მყოფ ყველა მონაწილეს: ქართველსა და ჰოლანდიელს, გერმანელსა და ირლანდიელს, ფრანგსა და ბელგიელს, ყველას, განურჩევლად ასაკისა და ეროვნებისა.
ქალბატონი თამარ ხიზანიშვილის, პირველი ქართული საერთაშორისო დიასპორული თეატრის ,,დაბრუნების” ოფიციალური პარტნიორის, თეატრალური სტუდია ,,არტ-პლაზას” დამაარსებლისა და სამხატვრო ხელმძღვანელის სამსახიობო ხელოვნების მასტერკლასებმა „სცენის მტვერი“ შეაყვარა ვაჟებსაც და ქალებსაც, ქართული არტისტული ხასიათის გამოვლინების საშუალება მისცა მსურველებს და ყველა მოზარდს მოაწონა რუსთველის შაირის გენიალური მუსიკა. ბევრისთვის ეს დღე რუსთაველთან პირველ და დაუვიწყარ შეხვედრად იქცა.
პროექტის მონაწილეებმა ინტერესით ისმინეს ფონდის „დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის” წევრისა და სამაჩაბლოს მხარის წარმომადგენლის მაკა მიდოდაშვილის ლექცია თემაზე : „რუსეთის მიერ ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და ქართული მხარის კულტურულ-პოლიტიკური ურთიერთობა უახლესი მონაცემებით”.
პროექტის ყველაზე კაშკაშა საათები იყო დიასპორაში მოღვაწე ქართველი ხელოვანებისა და დიასპორული ანსამბლების კონცერტი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს: ბელგიის სამეფოს ქართული კულტურის ცენტრმა „კავკასიონი“, ამ ცენტრის ბაზაზე არსებულ მომღერალთა ანსამბლმა „მამული“ და ქართული ცეკვის ანსამბლმა „მედეა“, საფრანგეთში არსებულმა ქართველთა კულტურის კერამ „ლაზი“ და მასთან არსებულმა ქართული ცეკვის ანსამბლმა „ლაზი“, ამერიკაში არსებულმა ანსამბლმა “ფესვები”. დიახ, ეს იყო ცეკვაში განფენილი ქართული გენიის ზეიმი, გადარჩენილი ქართული სული და საქართველოს გადარჩენის იმედიც.
ბოლოს კი გაიმართა ქართველ მეწარმეთა პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, რომელთა შორისაც იყო ქართული ღვინო, ქართული ჩაი TEANATEA, ქართული სამკაულის კოლექცია – „GOLDEN FLEECE BY TINATIN”, ყაბალახი – ქართული აქსესუარი, ქართული სუფრა – Supra By TSV, ტურისტული შეთავაზებები – TIKATOURS.
პროექტს განსაკუთრებული ხიბლი შესძინეს პროექტის მენეჯერმა ნინო გოგოხიამ, საორგანიზაციო გუნდის წევრმა ანა ბოლქვაძემ, თეონა გარდაფხაძემ და ბატონმა გოგა ჩანადირმა, ჟურნალისტმა და ტელეწამყვანმა ლანა ბლიაძემ, ოპერატორმა გიორგი ფროდეულმა.
პროექტი შეჯამდა გალა ვახშმითა და ყველა იმ მონაწილის საერთო ზეიმით, რომლებმაც სამი დღის განმავლობაში ერთმანეთსა და დამსწრე საზოგადოებას გაუზიარეს ქართული სული და ის სიყვარული, რაც თითოეულ მათგანს გააჩნია მშობლიური საქართველოს მიმართ.
თიკა სვანიძე-ვენკომ და მიმა გუნდმა ამ გრანდიოზული პროექტით შეძლეს საქართველოს კიდევ უფრო პოპულარიზაცია ნიდერლანდების სამეფოში და გააღრმავეს კავშირები სხვადასხვა ქვეყანაში მოღვაწე დიასპორულ ორგანიზაციებს შორის. ღონისძიებები განხორციელდა საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დაფინანსებული საგრანტო პროგრამის – “დიასპორული ინიციატივების ხელშეწყობა” – ფარგლებში. პროექტით დაგეგმილი ღონისძიებები კი ცალსახად ორი ქვეყნის, საქართველოსა და ნიდერლანდების სამეფოს შორის არსებული ხანგრძლივი მეგობრობისა და საერთო კულტურულ-ისტორიული წარსულის ნათელი გამოხატულება იყო. პროექტის მიზანი სწორედ ამ კავშირებისა და მემკვიდრეობის კიდევ უფრო გამყარება და გაძლიერებაა.
ამგვარად, ეს იყო არაჩვეულებრივი დღეები კუნძულ ტექსელზე, სიყვარულისა და მეგობრობის დღესასწაული, იმ დიდი ისტორიული გზის გახსენება, რომელიც ქართველებსა და ტექსელელებს აკავშირებთ. ნებისმიერ მსურველს შეეძლო დასწრება, სიამოვნება და გართობა ღონისძიებაზე მთელი სამი დღის განმავლობაში, რომელიც სრულიად უფასო იყო ნებისმიერი დაინტერესებული მოქალაქისთვის. სწორედ ეს იყო პროექტის მიზანიც, მაგრამ ეს ყველაფერი არაა. მსგავს ღონისძიებებს კვლავ დაგეგმავს და მოაწყობს თიკა სვანიძე ვენკო და ტექსელელებს მომავალშიც ბევრი შესაძლებლობა ექნებათ დამეგობრდნენ ქართველებთან და კიდევ უფრო გააღრმაონ მეგობრული ურთიერთობები.
(R)