საქართველოში დიაბეტიანი ბავშვებისთვის განკუთვნილი ინსულინის პრეპარატების დეფიციტი შეიქმნა. მშობლების თქმით, ქვეყანაში აღარ არსებობს „ნოვო-რაპიდი”, ის მედიკამენტი, რომელსაც მოზარდები წლების განმავლობაში იყენებდნენ.
ჯანდაცვის სამინისტრო უარს აცხადებს პრეპარატის იმპორტზე და პაციენტებს ალტერნატიულად „აპიდრას“ სთავაზობს. თუმცა, მშობლების განცხადებით, ახალი წამალი ბავშვების ასაკობრივ და ფიზიოლოგიურ საჭიროებებს არ შეესაბამება და შესაძლოა გართულებები, მათ შორის ჰიპოგლიკემიური კომა, გამოიწვიოს.
მშობლები სამინისტროსგან მოითხოვენ, რომ „ნოვო-რაპიდის“ ხელმისაწვდომობა დაუყოვნებლივ აღდგეს, რადგან ალტერნატიული ინსულინი ბავშვების სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველია.
ჩვენ ვართ ერთადერთ პირობაზე თანახმა, რასაც ვითხოვთ, დააბრუნონ ქვეყანაში ეს მედიკამენტი, ეს ინსულინი “ნოვო რაპიდი”. ჩვენ არ გვაინტერესებს ვინ არღვევეს ხელშეკრულებაში პირობებს და ვინ არ ასრულებს თავის პასუხისმგებლობას, ჩვენ ეს არ გვაინტერესებს. ჩვენ გვაინტერესებს მხოლოდ ის, რომ ჩვენი შვილები საჭირო მედიკამენტებით და საჭირო ინსულინით იყვნენ უზრუნველყოფილი, რაც შეიძლება მალე, – ამბობს მოქალაქე.
შექმნილ ვითარებაზე მედიკოსები სრულ პასუხისმგებლლობას სახელწიფოს აკისრებენ. ამასთან, მათი თქმით, გამოსავალი არსებობს და შესაძლებელია, მოხდეს აღნიშნული პრეპარატის სხვა ინსულინით ჩანაცვლება, თუმცა ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ.
ჯანდაცვის სამინისტრომ იცოდა, რომ უნდა მოსულიყო პრეპარატი ანუ ინსულინი უნდა შემოსულიყო და მას შეეძლო, ძალიან თავისუფლად გაეგო, ტერმინალზე უკვე იყო თუ არა შემოსული პრეპარატი. რა თქმა უნდა, ამ კუთხით პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება სახელმწიფოს.
რაც შეეხება მშობლების აღშფოთებას, მე აბსოლუტურად მესმის მათი, თუმცა ასევე მინდა, დავამშვიდო ისინი და ვუთხრა, რომ ინსულინის სრული დეფიციტი არ არის ქვეყანაში. შესაძლებელია ამ ნოვო რაპიდის ჩანაცვლება ფრანგული კომპანია სანოფე ავენტისის მიერ მოწოდებული ინსულინებით, უბრალოდ, აუცილებლად, ეს უნდა მოხდეს ექიმის მეთალყურეობის ქვეშ, – ამბობს ექიმი ლაშა უჩავა.




