აფხაზეთის დე ფაქტო საზოგადოებრივი პალატა დე ფაქტო პარლამენტს საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანას სთხოვს, რომ მეორე ტურის ბიულეტენში არ იყოს გრაფა, რომელიც ყველა კანდიდატის წინააღმდეგ ხმის მიცემის საშუალებას იძლევა. ამის შესახებ დე ფაქტო პალატის პრესსამსახური იტყობინება.
“აფხაზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის არჩევნების შესახებ” კონსტიტუციური კანონის მე-19 მუხლის ინტერპრეტაციის გაურკვევლობამ, რომელიც არეგულირებს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების განმეორებით კენჭისყრის დროს შეჯამებას, შესაძლოა გამოიწვიოს საზოგადოებაში დაძაბულობის შემდგომი ესკალაცია. წინა არჩევნების ნეგატიური გამოცდილების თავიდან აცილების მიზნით, რომელიც დაკავშირებულია განმეორებითი კენჭისყრისას ბიულეტენების გამოყენებასთან, რომელიც შეიცავს გრაფას “ყველა კანდიდატის წინააღმდეგ”. საზოგადოებრივი პალატა ითხოვს საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ კანონის მე-16 და მე-19 მუხლებში ცვლილებების შეტანას და განმეორებითი კენჭისყრისთვის ბიულეტენიდან გრაფის “ყველა კანდიდატის წინააღმდეგ” გამორიცხვას,” – ნათქვამია წერილში, რომელიც დე ფაქტო პარლამენტის თავმჯდომარეს, ლაშა აშუბას სახელზეა გაგზავნილი.
საზოგადოებრივი პალატის [დე ფაქტო] შემოთავაზებაა, რომ მე-19 მუხლის მესამე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:
“არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც განმეორებით კენჭისყრაში მიიღებს ყველაზე მეტ ხმას ამომრჩევლისგან, რომლებიც კენჭისყრაში იღებენ მონაწილეობას, იმ პირობით, რომ არჩევნებში მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა სიაში შეყვანილი მოქალაქეების არანაკლებ 25%-მა”.
მოქმედი კანონმდებლობით, თუ ბიულეტენში ორზე მეტი კანდიდატი იყო შეყვანილი და არცერთი მათგანი არ იქნა არჩეული, დე ფაქტო ცენტრალური საარჩევნო კომისია ნიშნავს განმეორებით კენჭისყრას იმ ორ კანდიდატს შორის, რომლებმაც ყველაზე მეტი ხმა მიიღეს. განმეორებითი კენჭისყრა ტარდება საერთო არჩევნების კენჭისყრის დღიდან არაუგვიანეს ორი კვირისა.
აფხაზეთში დე ფაქტო პრეზიდენტის ვადამდელი არჩევნები 15 თებერვალს გაიმართება. თანამდებობისთვის ხუთი კანდიდატი იბრძოლებს:
· ადგურ არძინბა – ეკონომიკის ყოფილი მინისტრი, ოპოზიციური საზოგადოებრივი ორგანიზაცია “აფხაზთა სახალხო მოძრაობის” თავმჯდომარე;
· რობერტ არშბა – აფხაზეთის დე ფაქტო კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე;
· ოლეგ ბარციცი – აფხაზეთის დე ფაქტო ყოფილი სავაჭრო წარმომადგენელი რუსეთის ფედერაციაში;
· ბადრა გუნბა – დე ფაქტო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტი;
· ადგურ ხურხუმალი – კომერციული ბანკის “შავი ზღვის განვითარების ბანკის” გამგეობის თავმჯდომარე.
დე ფაქტო არჩევნების დღეს აფხაზეთში 35 ოლქში 152 საარჩევნო უბანი გაიხსნება. ორი უბანი გაიხსნება რუსეთში – მოსკოვსა და ჩერკესკში და ერთი საქარიაში, თურქეთში.
