დეპუტატი წილოსანი მოქალაქეს, რომელმაც „მოღალატე“ დაუძახა, ადევნებაში ადანაშაულებს

რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატი ნინო წილოსანი ადევნებაში ადანაშაულებს მოქალაქეს, რომელმაც მას მოღალატე დაუძახა და მანქანით დაუსიგნალა.
დეპუტატის განცხადებაზე მყისიერი იყო -ს რეაგირება, ის უკვე გამოკითხეს კიდეც.
როგორც ირწმუნება, „ადევნების გამო“ იძულებული გახდა, საცხოვრებელი ადგილი შეეცვალა.
თავის მხრივ, ბრალდებას უარყოფს მოქალაქე დავით კუპრავა, რომელიც პროფესიით იურისტია.
„როცა გამოვიარე მანქანით, დავინახე წილოსანი, დავუსიგნალე და დავუძახე, რომ არის მოღალატე, რაც სრულად ჯდება ჩემი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში, რაც გარანტირებულია კონსტიტუციით. ჩემთვის გასაგებია, ქალბატონ ნინოს არ ესმის ამ მუხლის დისპოზიცია და საერთოდ არ ესმის, რას ნიშნავს ადევნება და მუქარა,“ — განუცხადა კუპრავამ მთავარ არხს. ინტერვიუ ჩაწერილია იმ ადგილზე, სადაც ინციდენტი მოხდა.
მოგვიანებით დეპუტატმა წილოსანმა აღნიშნული ფაქტი თავისი ბრალდების გასამყარებლად გამოიყენა. მან დავით კუპრავა „მანიაკურ ქმედებებში“ კვლავ დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ ის კვლავ გამოჩნდა მის სახლთან და ინტერვიუს აძლევდა მედიას.
ამ დრომდე სამართალდამცავ უწყებებს არ გამოუვლენიათ და პასუხისგებაში არ მიუციათ ის პირები, რომლებიც უკვე რამდენიმე კვირაა, ჟურნალისტებისა და აქტივისტების საცხოვრებელ სახლებს, ავტომობილებს აზიანებენ, შეურაცხმყოფელ, დისკრიმინაციულ წარწერებს ტოვებენ, ასევე, ესხმიან თავს პოლიტიკოსებს.