დეპუტატი ქეთევან თურაზაშვილი საზოგადოებას მიმართავს, პიროტექნიკის გამოყენებაზე უარი თქვას

საპარლამენტო ჯგუფ „მოქალაქეების“ ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი ქეთევან თურაზაშვილი საზოგადოებას მიმართავს, პიროტექნიკის გამოყენებაზე უარი თქვას.
მისივე თქმით, ევროკავშირში მკაცრად რეგულირებულია ფოიერვერკის ყიდვა-გაყიდვის, შენახვისა და ტრანსპორტირების წესები.
„პიროტექნიკის გაუაზრებელ გამოყენებას, ყოველ ახალ წელს მეტი და მეტი ზიანი და მძიმე შედეგები მოაქვს ადამიანებისთვის. განსაკუთრებით მოზარდებისთვის. ვფიქრობ, დადგა დრო, ყველამ ერთად ვთქვათ უარი მის გამოყენებაზე.
უმნიშვნელოვანესია, ადამიანები მოვუფრთხილდეთ ერთმანეთს, ვიზრუნოთ გარემოზე და რაც მთავარია, გავიხსენოთ, რომ არსებობენ ჩვენი ოთხფეხა მეგობრები, რომელთათვისაც ახალი წელი ტანჯვასა და ტკივილთან ასოცირდება.
ევროკავშირში მკაცრად რეგულირებულია ფოიერვერკის ყიდვა-გაყიდვის, შენახვისა და ტრანსპორტირების წესები. მკაცრადაა შეზღუდული პიროტექნიკის გამოყენების და პიროტექნიკული ნაწარმით ვაჭრობის ადგილები და საათები. მნიშვნელოვანია იმის შეხსენებაც, რომ ნებისმიერ განვითარებულ ქვეყანაში ბავშვები პიროტექნიკას არ და ვერ ყიდულობენ. ასევე, ადამიანები არ აფეთქებენ ფოიერვერკებსა და საახალწლო ასაფეთქებლებს ზოოპარკების სიახლოვეს, სადაც დაზაფრული ცხოველები შიშით კედლებს აწყდებიან და იხოცებიან..
ამა წლის დასაწყისში არსებობდა ინფორმაცია, თითქოს თბილისის მერია აპირებდა პიროტექნიკის რეალიზაციის შეზღუდვას, თუმცა ასაფეთქებლები და მაშხალები ისევ ყველასთვის, მათ შორის ბავშვებისთვის ხელმისაწვდომია და იყიდება ყოველი ფეხის ნაბიჯზე. სამწუხაროდ, სახელმწიფო სტრუქტურები მოიკოჭლებენ იმ მექანიზმების დანერგვასა და აღსრულებაში, რომელიც დაიცავს არასრულწლოვნებს, მომხმარებლებს და რომელიც გააკონტროლებს პიროტექნიკით მოვაჭრეებს.
აქვე, არ შეიძლება არ აღინიშნოს ის ფაქტი, რომ მოქალაქეობრივი თვითშეგნება წინა წლებთან შედარებით გაცილებით გაზრდილია და ზოგადი სურათი ბევრად გაუმჯობესებულია. ასაფეთქებლებს, ისეთი რაოდენობით, როგორც ეს გასულ წლებში იყო ნამდვილად აღარ აფეთქებენ და ამის საფუძველი სწორედ ის საინფორმაციო კამპანიებია, რომლებშიც ჩვენ, პოლიტიკოსები და საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების წარმომადგენლები აქტიურად ვართ ჩართულები.
მოგიწოდებთ, რომ პირველ რიგში, გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, ჩვენს გარესამყაროსა და გარეულ თუ შინაურ ცხოველებს, რომლებიც თანაცხოვრობენ ჩვენთან ერთად, გვიცავენ და გვჩუქნიან დიდ სიყვარულს. ჩვენი ვალი კი მათზე ზრუნვა და მოფრთხილებაა. იმედი მაქვს, ამ ახალ წელს თითოეული ჩვენგანი ვიგრძნობთ, რომ პიროტექნიკის გამოყენება, კიდევ უფრო შემცირდა!“, – აცხადებს დეპუტატი.