დეპუტატი სამხარაძე აღიარებს, რომ შეურაცხმყოფელი წარწერების ორგანიზატორია

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრი, პარლამენტის დეპუტატი დიტო სამხარაძე აღიარებს, რომ მედიების, არასამთავრობო ორგანიზაციების და პარტიების ოფისებზე შეურაცხმყოფელი წარწერების უკან მმართველი გუნდი დგას.
ამის შესახებ სამხარაძე Facebook-ზე პოსტს აქვეყნებს, სადაც ხელისუფლების კრიტიკოსებს ისევ ემუქრება.
„ნეოფაშისტების, უსამშობლო აგენტების წამოწყებულ უხარისხო ბულინგს გუშინ პასუხი გაეცა! სულ მცირედსაც არ გაგიტარებთ და გაპატიებთ, აბულინგეთ ერთმანეთი! რასაც ჩვენს წინააღმდეგ განიზრახავთ, ათასჯერ უარესს, მტკივნეულს და ხარისხიანს დაგიბრუნებთ! სადმე გამოჩენა და მივარდნები კი არა, ერთმანეთის დანახვაც არ მოგინდებათ, ისე მოგექცევით! ძალიან აცუნდრუკებულები ხართ, სათითაოდ ვიცით თქვენი ვინაობა, ვერ გიშველიან თქვენი პატრონები, თუ „ქართული ოცნების“ გუნდის ნებისმიერ წევრზე რაიმე ცუდს განახორციელებთ! რომ არ გამომრჩეს, უკან ყურებას თავი დაანებეთ, ჩვენ უკნიდან არავის ვეპარებით, წინ იყურეთ, რამეს ფეხი არ წამოკრათ! სტატუსს თან ვურთავ პასუხს, ვიდეო-რევოლუციის მსურველების ოფისებზე!“ – წერს დიტო სამხარაძე და იმ ორგანიზაციებისა და პარტიების სიას და ვიდეოს ურთავს, რომელთა ოფისებზეც შეურაცხმყოფელი წარწერების უკანაც თავად დგანან.
სამხარაძის მიერ გამოქვეყნებული სია ასეთია:
· საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
· თბილისი პრაიდი
· საფარი
· მოძრაობა ნაბიჯი
· მოძრაობა სირცხვილია
· სასამართლოს გუშაგი
· მთის ამბები
· სტუდია მონიტორი
· მოძრაობა ტალღა
· სამოქალაქო საზოგადოების ფონდი (სოროსის ფონდი)
· სამართლიანი სა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება
· საერთაშორისო გამჭვირვალობა –
· მწვანე სექტორი – ბათუმი
პარტიები:
· ლელო საქართველოსთვის
· გირჩი-მეტი თავისუფლება
· გირჩი – დროა
· ლელო საქართველო – ახალგაზრდული
· ნაციონალური მოძრაობა – ცენტრალური
· ახალი- გვარამია მელია
· ენმ – ბათუმი
· ლელო – ბათუმი
· ახალი – ბათუმი
დიტო სამხარაძის ამ პოსტამდე რამდენიმე საათით ადრე სამთავრობო პროპაგანდისტულმა ტელევიზია „იმედმა“ გაავრცელა არასამთავრობოთა ოფისებზე დატოვებული შეურაცხმყოფელი წარწერების კადრები და დაწერა, რომ ეს იყო „მოქალაქეების პროტესტი რადიკალური ოპოზიციისა და მათი მხარდამჭერი NGO-ების ოფისებთან“.
ნეტგაზეთი -ს დაუკავშირდა, ამ ფაქტებზე თუ დაიწყეს რაიმე სახის გამოძიება. პასუხს მიღების შემთხვევაში აქვე ავსახავთ.
მსგავსი კამპანია რუსული კანონის მოწინააღმდეგე მედიის, აქტივისტებისა და პარტიების წინააღმდეგ რამდენიმე კვირის წინ წამოიწყეს. აღნიშნულს თან ახლდა მუქარის შემცველი სატელეფონო ზარებიც. სახელმწიფო უწყებებს ამ ქმედებებზე პასუხისმგებელი პირები ამ დრომდე არ გამოუვლენიათ.

ასევე დაგაინტერესებთ

პრეზიდენტი – ევროპასა და ამერიკაში მაცხოვრებელ თანამემამულეებს მოგმართავთ! გამოფხიზლდით! – დროა გამოხატოთ მკაფიოდ თქვენი პოზიცია ამ უსასტიკეს, დაუნდობელ რუსულ სტილში ჩატარებულ სპეცოპერაციების მიმართ

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა – შეშფოთებას გამოვხატავთ საქართველოში შექმნილი სიტუაციის გამო – მოვუწოდებთ საქართველოს დარჩეს ევროპული ღირებულებების ერთგული და ნაკისრი ვალდებულებები სრულად შეასრულოს