დეპუტატი კაჭარავა მსვლელობის მონაწილეებს არწმუნებს, რომ “ეს კანონი ქართულია”

დღევანდელ აქციაზე დემონსტრანტები მსვლელობით ევროკავშირის ოფისისკენ წავიდნენ, რა დროსაც საპარლამენტო უმრავლესობის წევრისა და პარტია ” ხალხის ძალის” წარმომადგენლის, დავით კაჭარავას ავტომობილი მსვლელობის შუაგულში აღმოჩნდა.
დემონსტრანტებმა მას გზა გადაუკეტეს და კითხვები დაუსვეს. აქციის მონაწილეები მას სთხოვდნენ, საჯაროდ, ტელეეთერების მეშვეობით განეხილათ “აგენტების კანონი” მათთან ერთად, რა დროსაც დეპუტატი გადმოვიდა მანქანიდან და შეკრებილების დარწმუნება დაიწყო, რომ “ეს კანონი ქართულია”.
“ეს კანონი არის ქართული და ემსახურება საქართველოს ინტერესებს, ესაა მეტი დამოუკიდებლობა საქართველოსთვის, მეტი დამოუკიდებლობა ავტომატურად ნიშნავს მეტ პასუხისმგებლობას ჩვენი ხელისუფლებისთვის. ამიტომ ჩვენ ამ გზაზე ვივლით და ყოველდღიურად გავხდებით უფრო მეტად დამოუკიდებელი და მიგვიღებენ ევროკავშირში ამაყად, ჩვენი ფასეულობებით. ახლა კარგად ბრძანდებოდეთ”, – მიმართა მან აქციის მონაწილეებს, რის შემდეგაც პატრულის დახმარებით ჩაჯდა საკუთარ ავტომობილში და პატრულისვე თანხლებით დატოვა მსვლელობის ტერიტორია.
მეექვსე დღეა, სტუდენტები, ახალგაზრდები რუსთაველის გამზირზე იკრიბებიან და შემდეგ მსვლელობას მართავენ სხვადასხვა მიმართულებით.
აქციის ორგანიზატორები ამბობენ, რომ 22 აპრილიდან საპროტესტო მუხტი უნივერსიტეტების აუდიტორიებში გადაინაცვლებს და ასე მოემზადებიან პარლამენტში „აგენტების კანონის“ მეორე მოსმენისთვის, რომელიც მაისის დასაწყისში უნდა გაიმართოს.
რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ, მასშტაბური საპროტესტო აქციები 15 აპრილიდან იმართება. მრავალათასიან აქციებზე აპროტესტებენ „აგენტების კანონს“, რომელსაც საზოგადოების დიდი ნაწილი, პოლიტიკოსები და მედია „რუსულ კანონს“, ხოლო „ქართული ოცნება“ „გამჭვირვალობის“ კანონს უწოდებენ.
საერთაშორისო პარტნიორების მწვავე კრიტიკისა და გაფრთხილებების მიუხედავად, 17 აპრილს „აგენტების კანონი“ პლენარულ სხდომაზე „ქართული ოცნების“ უმრავლესობამ პირველი მოსმენით დაამტკიცა – 83 ხმით 0-ის წინააღმდეგ.
18 აპრილიდან კი საკუთარი ინიციატივით რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციებს მართავენ ახალგაზრდები და მოითხოვენ „აგენტების კანონის“ გაწვევას.
დაწერეთ კომენტარი

ასევე დაგაინტერესებთ