დეპუტატები პერსონალურ მონაცემთა სამსახურის უფროსის პარლამენტში დაბარებას ითხოვენ

საქართველოს პარლამენტში პოლიტიკური ჯგუფი „ევროოპტიმისტები“ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს მიმართავენ და მოითხოვენ კომიტეტის სხდომაზე პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის ლელა ჯანაშვილის დასწრებას, რათა მან დეპუტატების კითხვებს უპასუხოს.
დეპუტატები აღნიშნავენ, რომ 2024 წლის 7 მაისიდან აქტიურად მიმდინარეობს როგორც უცხო სახელმწიფოების, ისე ქართული ნომრებიდან, რუსული კანონის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებში ჩართული პირებისა და უფლებადამცველების (ან მათი ოჯახის წევრების) მისამართით სატელეფონო ზარების მიღება, პასუხის შემთხვევაში კი ზარის ავტორი იყენებს სიძულვილის და შეურაცხმყოფელ ენას ზარის ადრესატის მისამართით.
ამასთან, დეპუტატები ხაზს უსვამენ, რომ ადრესატების მიმართ ხორციელდება სხვადასხვა სახის მუქარა:
„ეს ზარები, სიხშირის, სისტემურობის, დავიწროებული, კონკრეტული ნიშნით გამოყოფილ ადრესატთა წრის გათვალისწინებით, აჩენს დასაბუთებულ ვარაუდს, რომ, შესაძლოა მონაცემთა დამუშავება კანონის დარღვევით, შესაბამისი სახელმწიფო უწყებების ბაზების გამოყენებით ხდება“ — აცხადებენ პოლიტიკური ჯგუფის წევრები.
დეპუტატები ინტერესდებიან პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველო კანონთან მიმართებაში, რა პოზიცია აქვს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს აღნიშნულ ზარებთან დაკავშირებით და გაარკვია თუ არა სამსახურმა საიდან ხორციელდება ზარები და ვინ აორგანიზებს მას.
ამასთან, განცხადების ავტორების თქმით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ გაავრცელა ინიციატივა, რომ მმართველი პარტია შექმნის მონაცემთა რეესტრს იმ ადამიანებისგან, რომლებიც სოციალურ ქსელში ხელისუფლების საწინააღმდეგო რეაქციებს გამოახატავენ.
განცხადების ავტორების თქმით, სურთ გაიგონ თუ რა პოზიცია აქვს რეესტრის შექმნასთან დაკავშირებით პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს და რამდენად თავსებადია ამგვარი რეესტრის შექმნა პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონთან:
„გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნული საკითხები განეკუთვნება საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მხრიდან საზედამხედველო სფეროს, მოგმართავთ შუამდგომლობით, რომ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მორიგ სხდომაზე მოიწვიოთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსი ლელა ჯანაშვილი, რათა მან უპასუხოს დეპუტატების მიერ დასმულ შეკითხვებს,“ — მიმართავენ დეპუტატები ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილს.

ასევე დაგაინტერესებთ

ვოლოდიმირ ზელენსკი – ახლო აღმოსავლეთში ირანული რაკეტების ერთობლივი ჩამოგდება არაფრით განსხვავდება რუსული რაკეტების ჩამოგდებისგან, ირანული „შაჰედების“ ჩამოგდებისგან, რომლებიც აერთიანებენ რუსეთის და ირანის რეჟიმებს