„მონებო“, „რუსებო“ – ამ შეძახილების ფონზე უწევთ დეპუტატებს საქართველოს პარლამენტში შესვლა.
დეპუტატებმა საკანონმდებლო ორგანოში შესვლა ცოტა ხნის წინ დაიწყეს. ისინი შენობაში 9 აპრილის ქუჩიდან შედიან, სადაც პარლამენტთან მისასვლელი გზა პოლიციას მთლიანად აქვს გადაკეტილი.
აქციის მონაწილეებმა, რომლებიც პარლამენტის წინ დილიდან შეიკრიბნენ, ამ დროისთვის 9 აპრილის ქუჩისკენ გადაინაცვლეს.
ისმის შეძახილები „დიპლომი ყაველაშვილს“.
აქციის მონაწილეები საქართველოს პარლამენტის მიერ მიხეილ ყაველაშვილის საქართველოს პრეზიდენტად დაგეგმილ არჩევნებს აპროტესტებენ.
მათი განცხადებით, ქვეყნის პრეზიდენტი გახდეს ადამიანი, რომელსაც განათლება და დიპლომი არ აქვს, ქვეყნის შეურაცხყოფაა.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ სამართალდამცველები მობილიზებული არიან ჭიჭინაძის ქუჩაზე, პარლამენტის წინა პერიმეტრზე და თავისუფლების მოედანზე, სადაც წყლის ჭავლის რამდენიმე მანქანაც დგას.
პარლამენტის წინა პერიმეტრი, სადაც განთავსებულია ნაძვის ხე, შემოსაზღვრულია რკინის ჯებირებით.