მას შემდეგ, რაც მოქალაქეების ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს, მამუკა მდინარაძეს დაარტყა, დეპუტატები მას ჯგუფურად ფიზიკურად გაუსწორდნენ.
ფიზიკური დაპირისპირება იურიდიული კომიტეტის სხდომაზე, რუსული კანონის განხილვისას მოხდა.
“ეს კანონი არ უნდა გავატანინოთ ამ პრო*ებს. ვისაც საქართველო გიყვართ, ყველა გამოდით. რა მნიშვნელობა აქვს, ნაცი, ქოცი, შმოცი. ბიჭო, რუსეთში მიგვაქანებენ. აღარ არის აქ სხვა ამბავი. რუსეთში მიგვაქანებენ და არ უნდა შევიდეთ. ეს კანონი უნდა გავუკეთოთ ტრ*კში ამათ”, – თქვა ელისაშვილმა.
სხდომა რამდენიმე წუთში განახლდა. პარალელურად, პარლამენტის უკანა შესასვლელთან აქცია მიმდინარეობს.
დაპირების მიუხედავად, ერთი წლის თავზე ქართული ოცნება ე.წ. უცხო აგენტების შესახებ რუსულ კანონს განსახილველად აბრუნებს და მის მიღებას მეორედ ეცდება. 3 აპრილს ინიციირებული კანონპროექტი იდენტურია შარშანდელი კანონპროექტისა, რომლის განხილვებსაც მასობრივი პროტესტი მოჰყვა. ფორმალური განსხვავებაა მხოლოდ ტერმინში – ახალ ვერსიაში “უცხოური გავლენის აგენტი” შეცვლილია “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით”.
მიუხედავად იმისა, რომ ქართული ოცნება ამტკიცებს, რომ ამ კანონპროექტს არაფერი აქვს საერთო რუსეთთან, მან დასავლელი პოლიტიკოსების კრიტიკა უკვე დაიმსახურა.