დეპუტატებისთვის ხელფასების ზრდაზე პაპუაშვილის ინიციატივას საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა მხარი მეორე მოსმენით დაუჭირა

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მეორე მოსმენით დაუჭირა მხარი პარლამენტის რეგლამენტში დაგეგმილ ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც, 2025 წლის პირველი იანვრიდან, მომდევნო მოწვევის პარლამენტის წევრებსა და თანამდებობის პირებს ხელფასები გაეზრდებათ.
დაგეგმილი ცვლილება კომიტეტის წევრებს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა წარუდგინა.
“მისი განმარტებით, პროექტის პირველი მოსმენისას პირველი მუხლი შესწორდა იმ მხრივ, რომ ნაცვლად აბსოლუტური თანხებისა, ჩაიწერა კოეფიციენტები, რომელიც იწყება 7-ით და მთავრდება 8,5-ით, შესაბამის თანამდებობებზე გადანაწილებით. აქედან გამომდინარე, შემდგომში ანაზღაურება დადგინდება მისი ნამრავლით საბაზო თანამდებობრივ სარგოზე, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონით დგინდება ყოველწლიურად,” – ნათქვამია პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რომ 2025 წლიდან, პარლამენტის თავმჯდომარის ხელფასი 10 000, დეპუტატების კი 8 250 ლარი იქნება. დოკუმენტში 2025 წლიდან პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეების, ასევე, საპარლამენტო თანამდებობის პირების ხელფასების ზრდაცაა გათვალისწინებული.

10 ნოემბერს ამ ინიციატივას მხარი საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმაც დაუჭირა.
ასევე ნახეთ:
· 2025 წლიდან, პარლამენტის თავმჯდომარის ხელფასი 10 000, დეპუტატების კი 8 250 ლარი იქნება | პაპუაშვილის ახალი ინიციატივა
· ხელფასის ზრდა არაა, კოეფიციენტებთან შესაბამისობაში მოყვანაა | პაპუაშვილი მისივე ინიციატივაზე