„დეპრესიის გადაჭარბებული დიაგნოზები, შესაძლოა, ფარმაცევტული ბიზნესის ინტერესს უკავშირდებოდეს“

დეპრესიის დიაგნოზის სიმრავლე შესაძლოა ფარმაცევტული ბიზნესის ინტერესებთან იყოს დაკავშირებული. ამის შესახებ ფსიქოთერაპევტი სოსო დოლიძე აცხადებს.
მისი თქმით, არ არის გამორიცხული, ბიზნესი დაინტერესებული იყოს რაც შეიძლება მეტი წამლის რეალიზაციით და ამას უკავშირდებოდეს „დიაგნოზების გადაჭარბების“ შემთხვევები.

„მედიკამენტის დანიშვნის მიზეზი შეიძლება იყოს ობიექტურიც, როცა, მაგალითად, მსოფლიოს მასშტაბით გარკვეული მოვლენები ხდება, მაგრამ ამავე დროს არის ხოლმე დიაგნოზის გადაჭარბების შემთხვევები, როცა უბრალოდ გლოვასთან გვაქვს საქმე. თუმცა ამავე დროს, არაა გამორიცხული ფარმაინდუსტრიაც იყოს დაინტერესებული მედიკამენტების რეალიზაციის ზრდით,“ – განაცხადა სოსო დოლიძემ.
მისი თქმით, ფსიქიატრი მოწადინებული უნდა იყოს, წამლის დანიშვნა იყოს ბოლო „ინსტანცია“. პრიორიტეტი კი, მისივე განმარტებით, უნდა იყოს პაციენტის წამლის გარეშე განკურნება. ფსიქოთერაპევტის განმარტებით, ექიმი უნდა ანსხვავებდეს მსუბუქ დეპრესიას და გლოვას, როცა მედიკამენტოზური ჩარევა საჭიროა არაა და ღრმა დეპრესიასა და მელანქოლიას, როცა ადამიანს უკვე ფუნქცინიორება არ შეუძლია და ასეთ დროს საჭიროა გარკვეული მედიკამენტების დანიშვნა.
„ხშირად ხდება, რომ ადამიანს აქვს გლოვა ან განშორება და ნაცვლად იმისა, რომ თერაპევტმა აუხსნას, რომ ეს ნორმალური და დროებითია, შეიძლება პირდაპირ მედიკამენტი დაუნიშნოს, რაც არასწორია,“ – განმარტა დოლიძემ.
მისივე თქმით, ფსიქოთერაპევტებს სულ უფრო მეტი ადამიანი მიმართავს, თუმცა პრობლემები მაინც რჩება – მაგალითად ის, რომ როცა ადამიანები სპეციალისტთან მიდიან, ხშირ შემთხვევაში ეს უკვე დაგვიანებულია და ის ეტაპი დგას, როცა პაციენტი ვეღარ ფუნქციონირებს, ასეთ დროს კი წამლის მიღება გარდაუვალია.
სოსო დოლიძის თქმით, პრობლემაა ეკონომიკური კუთხითაც, რადგან ყველას არ აქვს საშუალება ჩაიტაროს რეგულარული ფსიქოთერაპიული კურსები, რაც ხშირად რამდენიმე თვესა და წელიწადსაც კი მოიცავს. ამიტომ ამ სფეროს, ეკონომიკური გაგებით, ელიტარულობა ახასიათებს. თუმცა, მისივე თქმით, ყველა ადამიანი ნებისმიერ პრობლემაზე თერაპევტთან არ უნდა დადიოდეს. არსებობს მდგომარეობიდან გამოსვლის ისეთი მეთოდები, როგორიცაა მეგობრებთან და ოჯახთან ურთიერთობა, ჯანსაღი ცხოვრების წესი, მედიტაცია, იოგა და ა.შ.

jandacva.ge