თბილისში, ვაკეში, ჭავჭავაძის 49 ნომერში მიმდინარე დემონტაჟის დროს, გვერდით მდებარე კორპუსის კედელი ჩამოინგრა, რის შედეგადაც გაზის მილი დაზიანდა. მოსახლეობის თქმით, მთავარი კედლის დემონტაჟი დაიწყო ისე, რომ ამაზე ინფორმაცია არ ჰქონდათ.
“მთავარი კედლის დემონტაჟი დაიწყო ისე, რომ ამაზე ინფორმაცია არ გვქონდა.. ჩამოინგრა მთავარი კედელი, მოიყოლა გაზის მილები, გაზი გადაკეტილი არ ყოფილა, იყო სუნი და ახლაც საშინელი სუნია.. კორპუსს ჰქონდა საშინელი ბიძგები.. ამაზე უნდა გვქონდა ინფორმაცია, რომ უსაფრთხოს გავსულიყავით დამთავრებულიყო ეს ყველაფერი და შემდეგ დავბრუნებულიყავით.. უნდა ჰქონდეთ რეაგირება, არაერთხელ მივმართეთ მერიას, შესაბამის უწყებებს რომ მოეხედათ, ასევე მივმართეთ სახალხო დამცველს .. ეს დემონტაჟი ახლა არ დაწყებულა, ძალიან ბევრი დემონტაჟი იყო, თუმცა ამ დრომდე ყურადღება არ მოუქცევია…ერთადერთი მოვიდა ბრიგადა გაზის მხრიდან და როგორც ვიცით დაიწყეს გაზის გადაკეტვა..სხვა ადამიანები არ მოსულან” – ამბობს ერთ-ერთი მაცხოვრებელი
ადგილზე დევნილების ჩასახლებაა, რომლებიც ამბობენ, რომ ტერიტორიის დაცლა არაერთხელ მოსთხოვეს, მათ შორის მუქარითაც.
შენობა კი, რომლის დემონტაჟიც მიმდინარეობს სპორტის უნივერსიტეტია. ის გასულ წელს, “ქართულ ოცნებასთან” დაახლოებულმა ბიზნესმენმა, ნოშიკო ნამორაძემ 11 მილიონ ლარად შეიძინა.