დემონსტრანტი თამარ ლორთქიფანიძე სასამართლო სხდომაზე ცუდად გახდა, ის კლინიკაში გადაიყვანეს

48 წლის თამარ ლორთქიფანიძე, რომელიც 22 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციისას, საპატრულო ეკიპაჟის მანქანაზე ავიდა, დღეს 9 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში მისი საქმის განხილვის სხდომაზე ცუდად გახდა. როგორც ლოთქიფანიძის ადვიკატი გუჯა ავსაჯანიშვილი ეუბნება რადიო თავისუფლებას, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ქალი კლინიკა “ვივამედში” გადაიყვანა.
“რამდენიმე დღის წინ მას ჰქონდა ჯანმრთელობის პრობლემა. დღეს მოიყვანეს [სასამართლოში] ღებინების შერძნება ჰქონდა, მუცლის დაჭიმულობა, გულის წასვლის მომენტები. ჩვენ მოვითხოვეთ სასამართლოს გადადება, მოსამართლემ [თორნიკე ქოჩქიანი] თქვა, რომ სასწრაფო არ იყო საჭირო. ჩამოვიდა სასამართლოს ექიმი, მე არ დაველოდე, ვიცი რომ არ აქვთ აპარატურა, გამოვიძახე სასწრაფო. სასამართლოს ექიმმა, როგორც კი ნახა თქვა, რომ სასწრაფო იყო საჭირო. სასწრაფოს დაახლოებით 5-10 წუთი დასჭირდა და ამ დროის განმავლობაში ბატონი თორნიკე გვთავაზობდა თუ გვაიძულებდა, არ ვიცი, მაგრამ პროცესის გაგრძელება სურდა ასეთ მდგომარეობაში მყოფ პირთან და მე ავუხსენი, რომ რომც დამაჯარიმოთ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პროცესს ასეთ მდგომარეობაში ვერ გააგრძელებს-მეთქი და იმდენად მძიმე იყო თამარის მდგომარეობა, რომ თვითონ სასწრაფომ გადაწყვიტა რომ “ვივამედში” გადაეყვანათ”,- ეუბნება გუჯა ავსაჯანიშვილი რადიო თავისუფლებას.
მისი სიტყვებით, თამარ ლორთქიფანიძე ჯანმრთელობის მდგომარეობას, სავარაუდოდ უკავშირებს ციხის პირობებს და კვებას.
“მანამდე თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრობდა და ნორმალურ კვებას ითხოვდა, ის მიიჩნევს, რომ ციხეში ერთადერთი საკვები, რომლის ჭამაც შეიძლება, არის ვაშლი და პური. ოჯახის წევრები და აქციის სხვა მონაწილეები მას რაღაცებს უგზავნიან და ეხმარებიან, ეს არის მნიშვნელოვანი”, – ამბობს ადვოკატი.
რადიო თავისუფლება თამარ ლორთქიფანიძის ჯანმრთელობის მდგომარეობის გარკევევას ცდილობს კლინიკა “ვივამედთან”.
თამარ ლორთქიფანიძე რუსთავის მე-5 დაწესებულებაში წინასწარ პატიმრობაში იმყოფება.
ის 22 ოქტომბერს აქციაზე პოლიციის მანქანაზე ავიდა.
მას ბრალდებად ედება:
· ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.
· პოლიციელის სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმა, პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
· ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ფორუმი