დემონსტრანტებმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან გზა გადაკეტეს

საზოგადოებრივი მაუწყებლის ეზოში შეკრებილმა დემონსტრანტებმა პროტესტის ნიშნად კოსტავას ქუჩაზე საავტომობილო გზა გადაკეტეს, მას შემდეგ რაც მათ საზმაუს წარმომადგენლებმა შეხვედრაზე უარი უთხრეს. დემონსტრანტებს რამდენიმე მოთხოვნა აქვთ, მათ შორის: დაეთმოს უწყვეტი ეთერი ხალხს, რომელიც მეოთხე დღეა ქუჩაში პროევროპულ აქციებს მართავს; ოპოზიციონერ ლიდერებსა და პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილს.
ამას გარდა, დემონსტრანტები საზმაუს გენერალური დირექტორის, თინათინ ბერძენიშვილისა და სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის, ვასილ მაღლაფერიძის გადადგომასაც მოითხოვენ.
აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ნინია კაკაბაძემ თქვა, რომ გზას მოთხოვნების დაკმაყოფილების შემდეგ გახსნიან. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.
საზმაუს შენობასთან აქცია, გუშინ 30 ნოემბერსაც გაიმართა. მოქალაქეები თავისუფალ ეთერს მოითხოვნენ. აქციის დაწყებიდან მალევე, დემონსტრანტებთან ჩავიდნენ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი თინათინ ბერძენიშვილი და სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე .
საბოლოოდ, შეთანხმება შედგა და აქციის მონაწილეებმა თავად გადაწყვიტეს ვის უნდა ესაუბრა მაუწყებლის ეთერიდან ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე. საგანგებო ეთერი თავდაპირველად ნინო ზაუტაშვილს უნდა წაეყვანა, თუმცა მოგვიანებით, წამყვანის ადგილი საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორმა თინათინ ბერძენიშვილმა დაიკავა.
საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში აქციის მონაწილეების გამოსვლის შემდეგ სტუდიაში პირველი არხის ჟურნალისტები შევიდნენ. ისინი ამბობენ, რომ მათ მიმართ უსაფუძვლოდ შეურაცხმყოფელი განცხადებები ისმოდა.