მოსამართლე ელენე გოგუაძემ პროევროპული აქციის მონაწილეები, თორნიკე თოშხუა და მინდია შერვაშიძე, პატიმრობაში დატოვა. მათ ედავებიან 1 აგვისტოს პარლამენტის წინ, რუსთაველის გამზირზე ჯგუფურ ძალადობას.
ამ გადაწყვეტილებით თბილისის საქალაქო სასამართლომ კიდევ ერთხელ დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა – სახელმწიფო ბრალდება ამტკიცებდა, რომ არსებობდა ახალი დანაშაულის ჩადენისა და მოწმეებზე ზემოქმედების რისკები. ეს დასაბუთება, ბრალდებულების ადვოკატების შეფასებით, შაბლონურია. იმავე არგუმენტებით თოშხუა და შარვაშიძე 18 აგვისტოს შემდეგ არიან საპატიმროში.
ბრალდების შინაარსი
თორნიკე თოშხუას და მინდია შერვაშიძეს გამოძიება ედავება თავდასხმას ყოფილ ფეხბურთელ ბექა გოცირიძეზე, რომელიც „ქართული ოცნების“ მხარდამჭერია – ეს დასტურდება მისი საჯაროდ გამოქვეყნებული ვიდეოებითაც.
აქტივისტების განცხადებით, თორნიკე თოშხუა და მინდია შერვაშიძე, რომლებიც რუსთაველის გამზირზე 1 აგვისტოს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით 16 აგვისტოს დააკავეს პარლამენტის წინ, პროვოკაციის მსხვერპლი არიან.
თვითმხილველების თანახმად, საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ბექა გოცირიძე, რომელიც, აქტივისტების თქმით, პირადი მიმოწერის დროს ემუქრებოდა აქციის მონაწილეებს, რუსთაველზე მივიდა და იქ მყოფებს მიაყენა შეურაცხყოფა, რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.
აქციის მონაწილეების თქმით, დაპირისპირების დროს ბექა გოცირიძეს ამოუვარდა დანა, რომელიც მათ პატრულის თანამშრომლებს გადასცეს.
გამოძიება ამ ეტაპზე სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. ეს ნიშნავს ძალადობას, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი ჩადენილი ჯგუფურად.
დაკავებული აქტივისტები ბრალს არ აღიარებენ. მათ ორ წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. საპროცესო შეთანხმებაზე მხარეებს შორის მოლაპარაკება არ მიდის.
ორივე მათგანი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს.




