შინაგან საქმეთა სამინისტროში რადიო თავისუფლებას დაუდასტურეს, რომ პოლიციამ გაათავისუფლა არასრულწლოვანი, რომელიც 15 სექტემბერს საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი შენობიდან პარლამენტამდე მიმავალი მარშის წევრებს იარაღით დაემუქრა.
როგორც უწყებაში ამბობენ, არასრულწლოვანი მას შემდეგ გათავისუფლდა, რაც ექსპერტიზამ დაადგინა რომ იარაღი, რომელიც მან დემონსტრანტებს დაუმიზნა ერთ-ერთ კაფეში ბესიკის ქუჩაზე, პნევმატიკური იყო.
ამ ფაქტის აღწერისას გავრცელებულ პრესრელიზში შინაგან საქმეთა სამინისტრო 15 სექტემბერს წერდა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლიდან წამოსული მსვლელობის მონაწილეები „სიტყვიერად დაუპირისპირდნენ“ რამდენიმე ადამიანს „საიდანაც ერთ-ერთმა მოახდინა პისტოლეტის დემონსტრირება“.
განსხვავებულ ვერსიას ჰყვებიან აქციის მონაწილეები. მარშის წევრების თქმით, 5-6-კაციანი ჯგუფი მათ მსვლელობას ფილარმონიიდან აედევნენ და გზაში შეურაცხყოფას აყენებდნენ. ბესიკის ქუჩის კუთხეში ერთ-ერთმა მათგანმა მათ შეაგინა, რის გამოც რამდენიმე დემონსტრანტი გაჰყვა, არასრულწლოვანი კაფეში შევიდა და ორ დემონსტრანტს ფეხებში დაუმიზნა იარაღი, რის შემდეგაც მათ შეძლეს თავდამსხმელის განიარაღება და იარაღიც და არასრულწლოვანიც პოლიციას გადასცეს.
15 სექტემბრის შემთხვევაზე სასამართლოში, მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოიკითხა ლევან ჯობავა, დემონსტრანტი, რომელმაც არასრულწლოვანი განაიარაღა. მისი გამოკითხვის დროს დემონსტრანტებზე თავდამსხმელი უკვე გათავისუფლებული იყო.
ლევან ჯობავას ადვოკატის, მარიამ ჯიქიას ინფორმაციით, პოლიციამ არასრულწლოვანის გათავისუფლების პარალელურად გამოძიება დაიწყო ძალადობის მუხლით.
“უკვე დღევანდელი ინფორმაციით, დავით გრძელიძე დაკავებული არ არის არც ბრალი აქვს წარდგენილი. ექსპერტიზის შედეგების მიხედვით, ბრალდების მხარე ამბობს, რომ იარაღი პნევმატიკურია, გამოძიება მიმდინარეობს ისევ 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილით, რაც დიდი ალბათობით დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო შეწყდება.
თუმცა ამ მუხლის გარდა, გამოძიება მიმდინარეობს არა უკვე ქალაქის, არამედ ძვ. თბილისის რაიონულში ძალადობის მუხლით, გუშინდელი მოტივაცია ლევან ჯობავას წინააღმდეგ დასმული კითხვების ნაწილში, მიუხედავად იმისა, რომ სხვა საქმის გამომძიებლები სვამდნენ, გასაგები ხდება” – წერს მარიამ ჯიქია ფეისბუკზე.
16 წლის ბიჭი პოლიციას იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე ჰყავდა დაკავებული – ეს დანაშაული 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
ფორუმი
