ავტორიტარიზმის ფესტივალი საქართველოში არ შედგება, დემოკრატიის ნამდვილი ფესტივალი შედგება 26 ოქტომბერს, როცა გაიმარჯვებს „ქართული ოცნება“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
პრემიერის თქმით, ის ფაქტი, რომ უცხოეთიდან საქართველოში ფინანსდება ავტორიტარიზმის ფესტივალები, სხვადასხვა რეგიონებში, მეტყველებს იმაზე, რომ ვიღაცას საზღვარგარეთ სურს, საქართველოში დააბრუნოს ავტორიტარიზმი.
„თავისთავად ის ფაქტი, რომ უცხოეთიდან საქართველოში ფინანსდება ავტორიტარიზმის ფესტივალები, სხვადასხვა რეგიონებში, მეტყველებს იმაზე, რომ ვიღაცას საზღვარგარეთ სურს, საქართველოში დაგვიბრუნოს ავტორიტარიზმი. მე კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენოთ, რა შედეგებამდე მიიყვანა საქართველო ავტორიტარიზმმა. ეს იყო, მათ შორის, პირველ რიგში, 2008 წლის წაგებული ომის ავანტიურა, რომელიც ჩაიდინა მაშინდელმა ავტორიტარულმა რეჟიმმა, სააკაშვილის რეჟიმმა. ეს იყო ბიზნესის სისტემური რეკეტი, ეს იყო ადამიანების წამება, ადამიანების მიმართ არაჰუმანური მოპყრობა. არა მარტო ციხეებში, არამედ ციხეებს გარეთაც. ეს იყო ტელევიზიების მიტაცება. თქვენ გახსოვთ, რომ მთელი მედიამონოპოლია ჩამოყალიბდა სწორედ ტელევიზიების მიტაცების საფუძველზე. ეს იყო ტოტალურად გაყალბებული არჩევნები. აღარ მინდა, ჩამოვთვალო ის დანაშაულები, რომლებიც მაშინ ჩაიდინა გარედან თავსმოხვეულმა ხელისუფლებამ. მაშინ გარედან დაუნიშნეს ჩვენს ქვეყანას ხელისუფლება და სწორედ ამ ხელისუფლებამ მოუტანა ყველა ეს დანაშაული და ყველა ეს უბედურება ჩვენს ქვეყანას, თუმცა, ამაზე სამწუხაროდ პასუხისმგებლობა არავის აუღია. ახლა, როდესაც კონკრეტული ძალები ცდილობენ, რომ ასეთი ავტორიტარიზმი, ასეთი ძალები დაგვიბრუნონ ხელისუფლებაში 12 წლის თავზე, ამას რა თქმა უნდა, არავითარი გამართლება არ აქვს. ავტორიტარიზმის ფესტივალი საქართველოში არ შედგება, დემოკრატიის ნამდვილი ფესტივალი შედგება 26 ოქტომბერს, როცა გაიმარჯვებს „ქართული ოცნება“, – განაცხადა პრემიერმა.