„ქართული ოცნება“ ე.წ. ამერიკული FARA-ს ამოქმედებას რუსული მეთოდებით აპირებს – არსებობს რისკი, რომ ანტიკორუფციული ბიურო საბოლოოდ ჩამოყალიბდეს ქართული სამოქალაქო საზოგადოებისა და, ზოგადად, განსხვავებული აზრის წინააღმდეგ მთავარ რეპრესიულ ორგანოდ, რომელიც საზოგადოებაში კრიტიკული განწყობების ჩასახშობად იქნება გამოყენებული,- ამის შესახებ „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ განცხადებაშია აღნიშნული, რითაც ორგანიზაცია ე.წ. ამერიკული FARA-ს ამოქმედებას ეხმაურება.
ორგანიზაციის შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ ,,ქართულმა ოცნებამ“ აღნიშნული კანონი პირდაპირ ამერიკული ვერსიიდან თარგმნა, „მისი გამოყენება ფართოდ, ავტორიტარული რეჟიმებისთვის დამახასიათებელი მეთოდებით იგეგმება“.
„დღეს, 31 მაისს ,,უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი,“ იგივე FARA ძალაში შევიდა. მიუხედავად იმისა, რომ ,,ქართულმა ოცნებამ“ ის პირდაპირ ამერიკული ვერსიიდან თარგმნა, მათივე ინფორმაციით, მისი გამოყენება ფართოდ, ავტორიტარული რეჟიმებისთვის დამახასიათებელი მეთოდებით იგეგმება. აღნიშნული კანონის მოქმედება ვრცელდება ისეთ ურთიერთობებზე, რომელთაც გასულ წელს მიღებული ე.წ რუსული კანონი არ ფარავს. ამასთან, კანონი ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობასაც.
კანონის აღსრულების მთავარი ფუნქცია სსიპ ანტიკორუფციულ ბიუროს მიენიჭა, რომლითაც საბოლოოდ გამოაშკარავდა მისი პარტიული მიკერძოება. მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ში სპეციალური სახელმძღვანელო პრინციპების შემუშავებას მრავალი წელი დასჭირდა და საბოლოოდ, აგენტად რეგისტრაციის ვალდებულება, მხოლოდ იმ საქმიანობაზე გავრცელდა, რაც პირდაპირ სხვა სახელმწიფოს ინტერესების გატარებას ისახავდა მიზნად, ბიუროს მიერ ორგანიზებულ საჯარო შეხვედრებზე განიმარტა, რომ ის აპირებს ყველა სახის უცხოური დაფინანსების მიმღები იურიდიული და ფიზიკური პირი დაუქვემდებაროს აგენტების რეესტრში დარეგისტრირების ვალდებულებას, თუ ბიუროს მოსაზრებით, ეს პირი პოლიტიკურ საქმიანობას ეწევა. შესაბამისად, არსებობს რისკი, რომ ბიურო საბოლოოდ ჩამოყალიბდეს ქართული სამოქალაქო საზოგადოებისა და, ზოგადად, განსხვავებული აზრის წინააღმდეგ მთავარ რეპრესიულ ორგანოდ, რომელიც საზოგადოებაში კრიტიკული განწყობების ჩასახშობად იქნება გამოყენებული.
ანტიკორუფციული ბიურო ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების ფარგლებში, 2022 წელს შეიქმნა. რეკომენდაცია ანტიკორუფციული ორგანოს დამოუკიდებლობასა და ფუნქციურ გაძლიერებას ითვალისწინებდა. ანტიკორუფციული ბიუროს შექმნით, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა ევროკომისიის ეს რეკომენდაცია შესრულებულად გამოაცხადეს. ბიუროს მანდატის განსაზღვრის პროცესში პარლამენტმა სამოქალაქო სექტორის რეკომენდაციები სრულად არ გაითვალისწინა და უწყების შექმნის მომენტშიც, არსებობდა სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან კრიტიკა უწყების მანდატთან და მის დამოუკიდებლობის გარანტიებთან დაკავშირებით.
მიუხედავად ანტიკორუფციული ბიუროს შექმნის მიზნისა (კორუფციის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლა), მისი საქმიანობა დასაწყისშივე არაეფექტიანი აღმოჩნდა. მაგალითად, ნაცვლად დეკლარაციების მონიტორინგის, სავარაუდო კორუფციული შემთხვევების გამოვლენის, რეაგირებისა და საზოგადოების ინფორმირებისა, დეკლარაციების საჯაროობა განუსაზღვრელი ვადით შეიზღუდა. ამ ფაქტს ანტიკორუფციული ბიურო სრულიად ბუნდოვანი მიზეზით – „ტექნიკური ხარვეზით“ ხსნის. მაშინ, როცა დეკლარაციების საჯაროობა და მისი აქტიური მონიტორინგი კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის თვალსაზრისით, უმნიშვნელოვანესია. ბოლო წლების განმავლობაში მედიის საშუალებით საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა შესაძლო მაღალი დონის კორუფციის არა ერთი შემთხვევა,[1] თუმცა ბიუროს რეაგირება არ მოუხდენია.
ანტიკორუფციულ ბიუროს პოლიტიკური მიკერძოება განსაკუთრებით თვალსაჩინო 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდში გახდა ცნობილი. ამ პერიოდში უწყების უფროსის ინიციატივით, ბიურომ საქართველოს პარლამენტის და საკრებულოს 30 ოპოზიციონერი წევრის ქონებრივი დეკლარაციები შეამოწმა. თუმცა წინასაარჩევნო პროცესში ანტიკორუფციული ბიუროს ყველაზე რეზონანსული გადაწყვეტილება იყო სამოქალაქო მოძრაობა „აირჩიე ევროპას“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ „გაცხადებული მიზნის მქონე საარჩევნო სუბიექტებად“ გამოცხადება. ამ გადაწყვეტილებით, ბიურო მათ ავალდებულებდა: ფინანსური ინფორმაციის წარმოდგენას, უცხოეთიდან დაფინანსების მიღებაზე უარის თქმას, ისეთი აქტივობების შეზღუდვას, რომელიც შეიძლება ამომრჩევლის მოსყიდვად ჩაითვალოს, დეტალური ფინანსური ხარჯთაღრიცხვის წარმოებას. საბოლოოდ, ანტიკორუფციულმა ბიურომ ეს გადაწყვეტილება არ აღასრულა, მას შემდეგ რაც პრემიერმა კობახიძემ ბიუროს უფროსს საჯაროდ მიმართა, არ მიეჩნია ზემოთ ხსენებული ორგანიზაციები „საარჩევნო მიზნების მქონე სუბიექტებად“.
2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის თანახმად, ანტიკორუფციული სააგენტოს ბიუჯეტი 3 მილიონი ლარით გაიზარდა და 11,5 მილიონი ლარით განისაზღვრა. ამასთან, ,,უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის“ (FARA) ძალაში შესვლით, ის ახალ მანდატს (რომელსაც თავდაპირველ მიზანთან კავშირი არ აქვს) იძენს. შესაბამისად, 2022 წელს ქვეყანაში კორუფციული რისკების წინააღმდეგ საბრძოლველად შექმნილი უწყება, ღიად პარტიული ინტერესების გამტარებელ ორგანოდ გადაიქცა, რომელიც ფლობს ბერკეტს განსხვავებული აზრის წინააღმდეგ საბრძოლველად“,- ნათქვამია განცხადებაში.
