ჩიკაგოში, დემოკრატიული პარტიის ეროვნული ყრილობა, ე.წ. კონვენცია გრძელდება. მესამე დღის მთავარი გამომსვლელი, მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე, პარტიის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი, მინესოტის გუბერნატორი ტიმ უოლცი იქნება.
პარტიის მხარდამჭერებს დღეს ასევე მიმართავენ: ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი ბილ კლინტონი; ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელი პიტ ბუტეჯეჯი; წარმომადგენელთა პალატის ყოფილი სპიკერი, კონგრესმენი ნენსი პელოსი და სხვა პარტიული ლიდერები, მათ შორის ყოფილი და მოქმედი თანამდებობის პირები.
ერთი დღით ადრე, ყრილობის მეორე დღის მთავარი გამომსვლელები კი ბარაკ და მიშელ ობამები იყვნენ. მათ ამომრჩევლებს და მთლიანად ამერიკელ ხალხს მოუწოდეს, რთულ საპრეზიდენტო არჩევნებში მხარი დემოკრატთა ნომინანტ, ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს დაუჭირონ.
ამერიკის ყოფილმა პირველმა ლედიმ, მიშელ ობამამ გამოსვლის დროს ყურადღება სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე გაამახვილა და გააკრიტიკა რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი, დონალდ ტრამპი. მიშელ ობამას თქმით, ტრამპის სამყაროს აღქმა „შეზღუდული და ვიწრო“ იყო.
„სამყაროსადმი მისი შეზღუდული და ვიწრო ხედვა, მას უქმნის საფრთხის განცდას ორი შრომისმოყვარე, განათლებული, წარმატებული ადამიანისგან, რომლებიც ისე მოხდა, რომ შავკანიანები არიან,“- თქვა მიშელ ობამამ და აქვე ხაზი გაუსვა, რომ „შესაძლოა, სამსახური რომელსაც ის [დონალდ ტრამპი] ეძებს, შავკანიანთა სამსახური იყოს“.
„ვინ ეტყვის მას, რომ სამუშაო რომელსაც ის ამჟამად ეძებს, შეიძლება იყოს ერთ-ერთი იმ შავკანიანთა სამსახურებიდან“, – განაცხადა მიშელ ობამამ ტრამპის განცხადებებზე პასუხად, რომელიც საპრეზიდენტო კამპანიის ფარგლებში არაერთხელ სისტემატურად აღნიშნავს, რომ უკანონო იმიგრანტები, რომელიც ამერიკაში მექსიკიდან შემოდიან, „შავკანიანთა სამსახურებს“ ითვისებენ.
დემოკრატიული პარტიის ეროვნულ ყრილობაზე, თავისი ქმარი, ყოფილი პრეზიდენტი ბარაკ ობამა მიშელ ობამამ ამ სიტყვებით წარადგინა: „ჩემი ცხოვრების სიყვარული, ამერიკის 44-ე პრეზიდენტი ბარაკ ობამა“.
ბარაკ ობამამ დონალდ ტრამპი „78 წლის მილიარდერად“ მოიხსენია და მანაც გააკრიტიკა ის ჩვეული რიტორიკის გამო. ობამამ გამოსვლის დროს აღნიშნა, რომ ტრამპი გამუდმებით „წუწუნებს“ და „ეშინია“ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხების.
„78 წლის მილიარდერი, რომელიც არ წყვეტს ტირილს თავის პრობლემებზე, მას შემდეგ რაც მისი მუდმივი წუწუნი და წყენა, რომელიც ახლა გაუარესდა, რადგან ეშინია კამალასთან დამარცხების“,- თქვა ობამამ. ამერიკის 44-ე პრეზიდენტმა სიტყვაში აღნიშნა, რომ გაკვირვებულია, თუ რატომ აკეთებს დონალდ ტრამპი ამხელა აქცენტს წინასაარჩევნო შეხვედრებზე მისული ხალხის რაოდენობაზე.
დემოკრატიული პარტიის ყრილობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება მომავლის ხედვაა, პარტიის წარმომადგენლები, ყოფილი თუ მოქმედი ოფიციალური პირები ამბობენ, რომ „ამერიკა უკან“ აღარ უნდა დაბრუნდეს. დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლები თვლიან, რომ მომავლის ხედვა 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კამალა ჰარისსა და ტიმ უოლცს აქვთ. პრეზიდენტ ბაიდენის თქმით კი, 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ამერიკელმა ხალხმა „დემოკრატია უნდა შეინარჩუნოს“.
დემოკრატიული პარტიის ეროვნული ყრილობის მონაწილეები მხოლოდ პარტიის წევრები და მხარდამჭერები არ არიან. ყრილობის მეორე დღეს, ჩიკაგოში შეკრებილ საზოგადოებას დონალდ ტრამპის ყოფილმა პრესსპიკერმაც მიმართა. სტეფანი გრიშემმა ღიად გამოუცხადა მხარდაჭერა კამალა ჰარისს და თქვა, რომ რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატს ხალხის პრობლემები არ აინტერესებს.
პარალელურად, დემოკრატთა ნომინანტებმა კამალა ჰარისმა და ტიმ უოლცმა შეხვედრა მილუოკის შტატში გამართეს და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.
„ჩვენ ერთად დავსახავთ ახალ გზას. თავისუფლების, შესაძლებლობების, ოპტიმიზმისა და რწმენის მომავალს“,- თქვა სიტყვით გამოსვლის დროს დემოკრატიული პარტიის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატმა ტიმ უოლცმა.
მაშინ როცა დემოკრატიული პარტია ეროვნულ ყრილობას მართავს, დონალდ ტრამპი ე.წ. მერყევ შტატებს სტუმრობს და იქ ცდილობს მხარდაჭერის გაზრდას. ბოლოს, დონალდ ტრამპი პენსილვანიაში იმყოფებოდა, სადაც მან კამალა ჰარისი „ქვეყნის დამაქცევრად“ კიდევ ერთხელ მოიხსენია.
ტრამპი ამომრჩევლებს პირდება, რომ როცა თეთრ სახლში დაბრუნდება, აუცილებლად მოაგვარებს ამერიკის სამხრეთ საზღვრების საკითხს, გააუმჯობესებს ქვეყნის უსაფრთხოებას და გააძლიერებს ეკონომიკას.