დემნა გვასალიას რეალობად ქცეული ოცნება და მსოფლიო აღიარება – Marao

“მე დიდი აუდიტორია მყავს. სოციალურ ქსელებში 10 მილიონზე მეტი გამომწერი გვადევნებს თვალს. მათი რიცხვი ყოველდღიურად იზრდება. პასუხისმგებლობას ვგრძნობ, რადგან უმრავლესობა ახალგაზრდაა. ისინი ჩვენს ყოველ ნაბიჯს აკვირდებიან. გაკვირვებული ვიყავი, როდესაც ბრუკლინში თინეიჯერების ჯგუფის შესახებ გავიგე. ისინი ფულს თვეების მანძილზე აგროვებენ, რომ ჩვენი მაისურები შეიძინონ. ჩვენზე ყველაფერი იციან, უბერ-თაობა მოდის. ნიუ-იორკში, პარიზში და ციურიხში ახალგაზრდები ხშირად მაჩერებენ. სენტიმენტალური არ ვარ, მაგრამ ცოტა ხნის წინ ნიუ-იორკში როცა ვიყავი, ქუჩებში ჩემი ტანსაცმელი იმდენ ადამიანს ეცვა, ტირილი მომინდა“, – ამბობს .
დემნა გვასალია ეროვნებით ქართველია, თუმცა გერმანიის მოქალაქეობა აქვს. დაიბადა სოხუმში 1981 წლის 25 მარტს. ბავშვობიდან იყო დაინტერესებული ხატვითა და ტანსაცმლით, მაგრამ ოჯახის მოთხოვნით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ეკონომიკის ფაკულტეტზე ჩაირიცხა. 4 წლის შემდეგ ეკონომიკის ფაკულტეტზე სტიპენდიანტი კურსდამთავრებული იყო. გადაწყვეტილი ჰქონდა სწავლის გაგრძელება მაგისტრატურაში ეკონომიკის მიმართულებით, მაგრამ მისი ოჯახი საცხოვრებლად გერმანიაში გადავიდა, სადაც გადაწყვიტა, ეკონომიკის მაგისტრატურის ნაცვლად, ანტვერპენში ხელოვნების აკადემიაში ჩაბარება.
გვასალია გაემგზავრა ანტვერპენში, რათა ანტვერპენის სამეფო აკადემიაში ხელოვნების ფაკულტეტზე ჩარიცხულიყო. 800 მსურველიდან იგი იმ 70-ში მოხვდა, რომლებმაც სამეფო აკადემიაში სწავლა დაიწყეს. პირველი კურსის ბოლოს იგი 70 სტუდენტიდან 16 რჩეულში დატოვეს, ხოლო სწავლის დასრულების შემდეგ ვალტერ ვან ბეირენდონკმა, რომელიც აკადემიის რექტორი და დემნას პროფესორი იყო, მას თავის ბრენდში მამაკაცის ტანსაცმლის დიზაინერობა შესთავაზა. გვასალია ბელგიაში, ბეირენდოკთან, წელიწად-ნახევარი მუშაობდა, ამის შემდეგ კი საკუთარი ნამუშევრები პარიზში გაგზავნა. ამგვარად იგი პარიზში მიიწვიეს, სადაც Maison Margiela-ში დაიმკვიდრა ადგილი. მისი ოფიციალური კარიერა მოდის სფეროში “მარჯიელაში” დაიწყო.
დემნა გვასალიამ პარიზში, “მარჯიელას” ქალის და მამაკაცის ხაზის წამყვან დიზაინერად სამი წელი იმუშავა. ხელმძღვანელობდა H&M & Margiela-ის კოლაბორაციას 2012 წელს. შემდეგ შეთავაზება მიიღო Louis Vuitton-ის კრეატიული დირექტორისგან, მარკ ჯეიკობსისგან. მიუხედავად მაღალი ანაზღაურებისა და კარგი პირობებისა, გვასალიას “ლუი ვიტონში” მუშაობა არ მოეწონა და თავის მეგობრებთან (Margiela-დან) ერთად, შექმნა საკუთარი ბრენდი, Vetements (ფრანგულად „ტანსაცმელი“).
2015 წლის ოქტომბერში დემნა Balenciaga-ს შემოქმედებით დირექტორად დაინიშნა და დღემდე ამ პოზიციას იკავებს.
გასულ წელს ლონდონში ვიღაცამ Balenciaga-ს ბუტიკის წინა ფანჯარა “პედოფილიის” ეტიკეტით ააჭრელა. იგივე განმეორდა ბევერლი ჰილზში. თაყვანისმცემლები, რომლებიც კვირით ადრე დემნას გენიალურობაზე ლაპარაკს ვერ წყვეტდნენ, აღარსად ჩანდნენ.
წლების განმავლობაში Balenciaga-მ თავისი რეპუტაცია პროვოკაციაზე ააშენა. დემნამ გასული წლის დასაწყისში აღნიშნა: ”ზუსტად ამიტომ გავაკეთე ეს! იმიტომ, რომ მძულს აკრძალვები. ბევრმა ჩათვალა, რომ რეკლამები იყო განზრახ აღმაშფოთებელი.”
სკანდალის შესახებ, რომელიც “ბალენსიაგას” მიერ ბავშვებისა და საბავშვო აქესეუარების უხამსად გამოყენებას ეხებოდა, NEW YORKER-მა ვრცელი სტატია მოამზადა.
“დემნამ და “ბალენსიაგამ” არაერთხელ მოიხადეს ბოდიში სარეკლამო კამპანიისთვის. ბრენდმა გამოაცხადა სამწლიანი პარტნიორობა ბავშვთა ეროვნულ ალიანსთან. Balenciaga-მ პირდაპირი ახსნა წარმოადგინა Garde-Robe-ის კამპანიის ირგვლივ მოფენილი უცნაური ნივთებისთვის: “ეს იყო შეცდომა და ნებისმიერი კავშირი ბავშვთა პორნოგრაფიასთან ან ბავშვზე ძალადობასთან იყო უნებლიე და სრულიად შემთხვევითი.”
Vogue-თან ინტერვიუში დემნამ განმარტა, რომ ტედი-დათვის ჩანთები Gift Shop-ის რეკლამებში გამიზნული იყო „პანკისა და წვრილმანი კულტურისთვის და არა BDSM-ის“ მითითებით. მიუხედავად ამისა, მან აღიარა, რომ კამპანია არასწორად იყო ჩაფიქრებული. ”მე არ მესმოდა, რამდენად შეუსაბამო იქნებოდა ამ ობიექტების გამოჩენა ბავშვებთან ერთად” – თქვა მან. “სამწუხაროდ, ეს იყო არასწორი იდეა და ცუდი გადაწყვეტილება ჩემგან.”
შიდა ანგარიშის მიხედვით, ათეულობითკაციანმა კომიტეტმა დაამტკიცა კამპანია მის გამოსვლამდე.
“ბალენსიაგას” მოდის სახლის „ბნელი მბრძანებელი“ კი ორმოცდაერთი წლის ვეგეტარიანელი არის, რომელიც ქმართან და ორ ჩიხუახუასთან, ქუქისა და ჩიკიტასთან ერთად ცხოვრობს. საუბრობს შვიდ ენაზე (ქართულ, გერმანულ, ფლამანდრიულ, ინგლისურ, ფრანგულ, იტალიურ, რუსულ ენებზე) და დილას მედიტაციით იწყებს. ტანსაცმლის კეთების გარდა, ყველაზე მეტად საჭმლის კეთება უყვარს. მისი ნიშა მცენარეული საქონლის ხორცით დამზადებული ხინკალია” – წერდა NEW YORKER-ი.
წაიკითხეთ ვრცლად დემნა გვასალიას ოჯახისა და კარიერის შესახებ აქ: დევნილობა, მუქარა ოჯახის წევრებისგან, თბილისის საპატიო მოქალაქეობა და მსოფლიო აღიარება – ქართველი დიზაინერის ცხოვრების საინტერესო მომენტები