აშშ-ს კონგრესში სიტყვით გამოსვლის დროს ბენიამინ ნეთანიაჰუმ თქვა, რომ ღაზის სექტორში ომი ერთ დღეში მორჩება, თუ ჰამასი დანებდება, განიარაღდება და ყველა მძევალს დააბრუნებს. მან ხაზი გაუსვა, რომ თუ ასე არ მოიქცევიან, “ისრაელი გააგრძელებს ბრძოლას,” მანამ, სანამ ჯამასის საბრძოლო შესაძლებლობებს არ გაანადგურებენ და ღაზაში მათ მმართვეობას არ დაასრულებენ.
ისრაელის პრემიერის თქმით, ჰამასის დამარცხების შემდეგ შესაძლებელი გახდება ახალი ღაზის აღმოცენება.
“ჩემი ამ დღის ხედვაა დემილიტარიზებული და დერადიკალიზებული ღაზა”. – თქვა ნეთანიაჰუმ.
ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელი ღაზის სექტორში დასახლებების ხელახლა გაშენებას არ აპირებს და მნიშვნელოვანია, რომ ღაზამ უსაფრთხოება შეინარჩუნოს და აღარასდროს გახდეს საფრთხე ისრაელის მიმართ.
ნეთანიაჰუს აზრით, ღაზის სექტორს უნდა ჰყავდეს სამოქალაქო ადმინისტრაცია, რომლის სათავეშიც იქნებიან ისეთი პალესტინელები, რომელთა მიზანი ისრაელის განადგურება არაა.
“ეს ბევრის მოთხოვნა არაა.” – თქვა ისრაელის პრემიერმა. მისივე თქმით, პალესტინელთა მომდევნო თაობამ ებრაელთა გვერდზე ცხოვრება უნდა ისწავლოს. მან ღაზაში პალესტინელების დერადიკალიზაციის საკუთარი ხედვა შეადარა იმას, თუ რა ბედი ეწია იაპონიასა და გერმანიას მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ.
ნეთანიაჰუს თქმით, ღაზის სექტორის დემილიტარიზაცია და დერადიკალიზაცია იქნება გზა კეთილდღეობისკენ, უსაფრთხოებასა და მშვიდობისკენ.