დელეგატები პარლამენტში და 40%-იანი ბარიერის გაუქმება საკრებულოში — რა იცვლება კოდექსში?

„ქართული ოცნება“ საკრებულოს მაჟორიტარობისთვის დაწესებული 40%-იანი საარჩევნო ბარიერის გაუქმებას გეგმავს. ასევე სურს, მაჟორიტარული სისტემის გაუქმების მიუხედავად, პროპორციული წესით არჩეულ პარლამენტში მუნიციპალიტეტების დელეგატები ჰყავდეს.
რა ხდება?
მმართველმა პარტიამ პარლამენტში დააინიციირა საარჩევნო კოდექსში ცვლილებების პროექტი, რომელიც ორ მნიშვნელოვან საკითხს მოიცავს:
· მაჟორიტარული სისტემით საკრებულოში ასარჩევად 40%-იანი ბარიერი უქმდება და არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც სხვებზე მეტ ნამდვილ ხმას მიიღებს;
· პარტიას უფლება აქვს, პარტიული სიის შედგენისას საარჩევნო ოლქის (ოლქების) ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა დელეგატად განსაზღვროს პარლამენტის წევრობის კანდიდატი. პარლამენტის წევრობის კანდიდატი შესაძლებელია განისაზღვროს მხოლოდ ერთი საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა დელეგატად. ამ შემთხვევაში პარტიულ სიაში პარლამენტის წევრობის კანდიდატის გასწვრივ მიეთითება იმ საარჩევნო ოლქის ნომერი, რომელი საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა დელეგატადაც არის წარდგენილი.
რას ემსახურება ცვლილებები?
საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის უბრალო უმრავლესობით არჩევის შემთხვევაში მეორე ტურები აღარ ჩატარდება. „ქართული ოცნების“ თქმით, შედეგად დაიზოგება ადამიანური და ფინანსური რესურსი, ხოლო საკრებულოები სწრაფად დაკომპლექტდება.
საარჩევნო კოდექსის თანახმად, ს მეორე ტური ტარდება არჩევნებიდან მეოთხე შაბათს, შესაბამისად, თუკი საკრებულოში არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც სხვებზე მეტ ნამდვილ ხმას მიიღებს, შესაძლებელი გახდება საკრებულოების პირველი სხდომების ერთი თვით ადრე მოწვევა.
რაც შეეხება მუნიციპალიტეტების დელეგატების არგუმენტაციას, კანონპროექტის განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ პროპორციული საარჩევნო სისტემის დანერგვის შემდეგ აღარ იარსებებს რეგიონული პრინციპით დანერგილი წარმომადგენლების — მაჟორიტარების ინსტიტუტი. შესაბამისად, „საქართველოს რეგიონებში არსებული, განსხვავებული გარემო-პირობებიდან გამომდინარე, მოსახლეობისთვის შექმნილ საჭიროებებზე მყისიერი და შესაბამისი კომპეტენციის რეაგირების გაწევის მიზნით, პარტიები უფლებამოსილნი იქნებიან, პარტიული სიების ფორმირებისას განსაზღვრონ ერთი ან რამდენიმე მუნიციპალიტეტის ან/და მუნიციპალიტეტის ნაწილის დელეგატი“.
„მაჟორიტარულ სისტემას არავინ აბრუნებს. ჩვენს მოქალაქეებს დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან ყოველთვის ჰქონდა პრაქტიკა, რომ ბმაში იყვნენ რომელიღაც დეპუტატთან საკუთარ საკითხებზე. ახლა, როცა არჩევნები პროპორციული სისტემით ტარდება, მოსახლეობაში არის კითხვის ნიშნები, კონკრეტულად ვინ შეიძლება იყოს მათი ინტერესების წარმომადგენელი. ამ კონტექსტიდან გამომდინარე კარგი იქნება, თითოეულმა პარტიამ განსაზღვროს კონკრეტული დეპუტატების კანდიდატები კონკრეტულ მუნიციპალიტეტების მიხედვით, რომელთანაც შეიძლება ჰქონდეთ წვდომა“, — განაცხადა კანონპროექტის ავტორმა გივი მიქანაძემ.
ამასთან, „ოცნება“ ამბობს, რომ მუნიციპალიტეტების დელეგატების განსაზღვრა იქნება ნებაყოფლობითი და არა — სავალდებულო. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის თქმით, მას არ მოსწონს და საბოლოო კანონპროექტში არ იქნება სიტყვა „დელეგატი“.
„ეს არის პირველადი, მოუთელავი ინიციატივა. იმდენად პირველადი ვერსიაა, რომ იქ სასწრაფო წესით ჩავწერეთ რაღაც საკითხები, პრინციპების დონეზე, თუმცა მზად ვართ დისკუსიისთვის და პრინციპების დონეზეც შეიძლება შევცვალოთ“, — განაცხადა მ.
„სიაში შესაყვანი ფეოდალების ხალხისთვის მაჟორიტარად შესაღების კომიკური მცდელობა“ უწოდა პარტიის „საქართველოსთვის“ წევრმა ბექა ლილუაშვილმა მუნიციპალიტეტის დელეგატების ცნების შემოღებას.
საკრებულოს მაჟორიტარებისთვის ბარიერის დაწევა კი, ლულიაშვილის თქმით, „ოცნების“ შიშზე მიუთითებს.
„ოცნებას“, რომელიც ყოველდღე გვატყუებს, რომ თითქმის 60%-იანი რეიტინგი აქვს, სინამდვილეში 35%-ის იმედიც კი არ ააქვს. ამ ნაბიჯშიც „ოცნება” დაემსგავსა „ნაციონალურ მოძრაობას“, — ზუსტად ბოლო თვითმმართველობის არჩევნების წინ, 2010 წელს, მიხეილ სააკაშვილმაც გააუქმა საკრებულოს მაჟორიტარად არჩევისთვის მინიმუმ 30%-იანი მხარდაჭერის აუცილებლობა. დღეს ძალაუფლების დაკარგვის ისტერიული შიშებით მართული „ოცნებაც“ იმავეს აკეთებს, რასაც წარსულში აკეთებდა „ნაციონალური მოძრაობა“. მსგავსმა მხდალმა ნაბიჯებმა ვერც წინა ნაცებს უშველა და ვერც თქვენ გიშველით. ნურც თქვენ კარგავთ დროს და ნურც ჩვენ გვაკარგვინებთ, დაუბრუნდით საქმეს!“ — მიმართა ლილუაშვილმა მმართველ პარტიას.
საკრებულოებში მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე ჩატარებულ არჩევნებზე 40%-იანი ბარიერი 2021 წელს დაწესდა.
2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მერის არჩევნების მეორე ტური ხუთივე თვითმმართველ ქალაქსა და 15 თვითმმართველ თემში ჩატარდა. მეორე ტურის შედეგად აირჩიეს საკრებულოების 42 მაჟორიტარი, რომელთაც პირველ ტურში ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 40%-ზე მეტი ვერ მიიღეს.
„ნამდვილი ხმების უმრავლესობით მიხედვით შესაძლებელია, რომ საკრებულოს წევრი გახდეს კანდიდატო, რომელსაც მუნიციპალიტეტში მხოლოდ და მხოლოდ 15-20%-იანი მხარდაჭერა აქვს, რაც ლეგიტიმაციას დაბლა სწევს. ეს მინუსია. პლუსი ისაა, რომ მეორე ტურების გამართვა არ არის საჭირო. ჩვენ უფრო მაღლა ავწიეთ თამასა, როცა თვითმმართველობის არჩევნებისთვის 40%-იანი ბარიერი შემოვიღეთ და ამის გაუქმება უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება“, — ამბობს „ნეტგაზეთთან“ თვითმმართველობის საკითხების ექსპერტი და სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელი კოტე კანდელაკი.
„ქართული ოცნება“, რომელმაც თავად დაუჭირა მხარი 40%-იანი ბარიერის შემოღებას, ახლა არ იზიარებს მოსაზრებას, რომ 40%-ზე დაბალი მხარდაჭერის მქონე მაჟორიტარი ნაკლებ ლეგიტიმურია.
„მაჟორიტარული სისტემა საერთოდ გავაუქმეთ და მაგაზე არ გქონიათ პრეტენზიები და ახლა ამბობთ, რომ მაჟორიტარს, ისიც საკრებულოში თუ 40%-ზე მაღალი მხარდაჭერით არ აირჩევენ, ლეგიტიმაცია დააკლდება და მუშაობა ვერ შეძლებს?“ — მიმართა არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციას ბიუროს დღევანდელ სხდომაზე.
საარჩევნო კოდექსში ცვლილებები პარლამენტში დღეს დარეგისტრირდა.
კანონპროექტის ავტორია ფრაქცია „ქართლი ოცნების“ აპარატი, ინიციატორი დეპუტატები კი — გივი მიქანაძე, რატი იონათამიშვილი, დავით მათიკაშვილი.