დეკორატიული სანთლების სახელოსნო Candle area სამომავლოდ ბრენდული მაღაზიის გახსნას გეგმავს

დეკორატიული, სურნელოვანი სანთლების სახელოსნო Candle area სამომავლოდ ბრენდული მაღაზიის გახსნას გეგმავს.
როგორც სახელოსნოს დამფუძნებელი, სალომე ლეჟავა “ბიზნესპარტნიორთან” აცხადებს, კომპანიის გაფართოება გაყიდვების მიმართულებით ყოველწლიურად მყარმა ტენდენციამ განაპირობა.
Candle area-ს დამფუძნებელი ამ ეტაპზე მაღაზიის გახსნის დეტალებს ვერ აკონკრეტებს, თუმცა, აცხადებს, რომ ეს კომპანიის განვითარების გრძელვადიანი გეგმაა.
მისივე ინფორმაციით, Candle area-ს მიერ წარმოებული პროდუქციის მომხმარებლები, როგორც ადგილობრივი მოსახლეობა, ასევე უცხოელები არიან.
“სანთლებს თვითონ ვამზადებთ, თუმცა ყალიბები, სხვადასხვა, ქვეყნიდან მეტწილად ჩინეთიდან ჩამოგვაქვს. მინდა გითხრათ, რომ ასორტიმენტი მრავალფეროვანი გვაქვს – 200-ზე მეტი სანთელი გვაქვს – საახალწლო, სააღდგომო და ა.შ. ამასთან, მუდმივად ვზრდით ასორტიმენტს, კერძოდ, ყოველ დღე შეგვიძლია, ახალი იდეა მოვიფიქროთ. ამასთან, სხვადასხვა, დღესასწაულების დროს კორპორაციული შეკვეთები გვაქვს და აღნიშნულ პერიოდში გაყიდვების რაოდენობაც იზრდება.
ამ ეტაპზე, პროდუქტს თბილისში ჩვენს სახელოსნოში ვამზადებთ და ონლაინ ვყიდით, თუმცა სიახლე გვაქვს – მაღაზიის გახსნას ვაპირებთ, მოლაპარაკების რეჟიმში ვართ, ამჟამად, საკითხის დაკონკრეტება არ მინდა, თუმცა უახლოეს მომავალში მაღაზიაც გვექნება. ჩვენი მომხმარებლები ყველა სეგმენტის წარმომადგენელია – დაწყებული ბავშვებიდან დამთავრებული ხანში შესული ადამიანებით. საქართველოში დეკორატიული სანთლების შეძენა/მოხმარება, უფრო და უფრო, პოპულარული ხდება. მოქალაქეებმა ხელოვნება და ხელნაკეთი ნივთები დააფასა. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მომხმარებელთა რაოდენობა მინიმუმ 20%-ით გაიზარდა, ძალიან მიხარია, რომ მყარი ტენდენცია გვაქვს და ყოველწლიურად სტაბილურად ვიზრდებით. ჩვენი მომხმარებლების დიდი ნაწილი 80% ადგილობრივი მოსახლეობაა, ხოლო დანარჩენი მცირე ნაწილი 20% უცხოელები არიან”, – აღნიშნავს Candle area-ს დამფუძნებელი.
ცნობისთვის, დეკორატიული, სურნელოვანი სანთლების სახელოსნოს Candle area ადგილობრივ ბაზარზე 5 წელია ოპერირებს.
წყარო: ბიზნესპარტნიორი