სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაზვერვის სააგენტოს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. უწყებას ვლადიმერ კონსტანტინიდი ჩაუდგა სათავეში.
სუს-ის ინფორმაციით, სააგენტოს თანამშრომლებს კონსტანტინიდი სამსახურის უფროსმა, მამუკა მდინარაძემ, 27 სექტემბერს წარუდგინა.
დაზვერვის სააგენტოს აქამდე ირაკლი ბერაია ხელმძღვანელობდა, რომელიც NATO-ში საქართველოს წარმომადგენლად დაინიშნა.
bm.ge გთავაზობთ კონსტანტინიდის დეკლარაციას, რომელი მინისტრის მოადგილის ამპლუაში 2025 წლის მაისში შეავსო.
დეკლარაციის მიხედვით დაზვერვის ახალ ხელმძღვანელს ჰყავს მეუღლე თამარ მელაძე და 2 შვილი.
ოჯახის საკუთრება 2023 წელს 95 000 აშშ დოლარად ესმა ონიანის ქუჩაზე შეძენილი 93.7 კვ.მ ბინა. დეკლარაციით ოჯახს სხვა არც უძრავი და არც მოძრავი ქონება არ გააჩნია.
ქონებრივი ვალდებულებების ნაწილში მითითებულია 261 450 ლარის იპოთეკური სესხი „საქართველოს ბანკში“, რომლის ნაწილიც (157 800 ლარი) უკვე დაფარულია;
მეუღლე ფლობს შპს ლალე საქართველოს წილის 49%-ს ირაკლი გოგიტიძესთან ერთად, თუმცა კომპანიიდან 2024 წელს მოგება არ მიუღია.
კონსტანტინიდის შემოსავალი 2024 წელს, როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, 101 824 ლარი იყო, ხოლო ლექტორის თანამდებობაზე – 2 920 ლარი;
მეუღლე, თამარ მელაძე, სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ თანამშრომელია და 2024 წელს 22 262 ლარის შემოსავალი ჰქონდა.
გარდა ამისა, დეკლარაციაში ასახულია საკრედიტო ბარათით 20 000 ლარის ვალდებულება „საქართველოს ბანკისგან“.
“საქართველოს ბანკში“ გახსნილ ანგარიშზე მას 60 000 დოლარის ნაშთი აქვს, რომლის ნაწილიც (32 800 დოლარი) 2025 წლის მარტში კომერციული ფართის გასხვისებით მიიღო;
სხვა ანგარიშებზე დეკლარირებულია მცირე ნაშთები (43,89 ლარი, 22,14 ლარი, 6,4 ლარი და სხვ.);
2024 წელს მინისტრის მოადგილემ თბილისში მდებარე ბინა 72 000 დოლარად გაყიდა;
ასევე, დეკლარირებულია 120 000 დოლარის ოდენობის სესხი, რომელიც 2013 წელს საკუთარ ძმას, გიორგი კონსტანტინიდის მისცა, საიდანაც 2024 წელს 15 000 დოლარი დაუბრუნდა.
საქმიანობა
ვლადიმერ კონსტანტინიდი სახელმწიფო სტრუქტურებში 1989 წლიდან მუშაობს. 2020 წლიდან კი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.
- 1989-1995 – მუშაობდა სხვადასხვა პოზიციაზე: თბილისის საქალაქო სასამართლოში, შინაგან საქმეთა სამინისტროში, სამთავრობო ობიექტების დაცვის სამსახურში;
- 1996-1999 – საქართველოს პარლამენტის ანტიკორუფციული საგამოძიებო კომისიის მთავარი სპეციალისტი;
- 2000 წლიდან — სხვადასხვა პერიოდში მუშაობდა საგადასახადო შემოსავლების სამინისტროში: გენერალური ინსპექციის მოკვლევის სამმართველოს უფროსად,
კადრების განყოფილების უფროსად, მთავარი სპეციალისტად. - 2001-2004 – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსი;
- 2004 – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;
- 2004-2005 – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის საკონსულო-სამართლებრივ საკითხთა სამმართველოს უფროსი;
- 2005-2008 – ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს საელჩოს კონსული;
- 2008 – ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებული.
- 2009-2012 – საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კვიპროსის რესპუბლიკაში.
- 2012-2017 – საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ავსტრალიის თანამეგობრობაში; აკრედიტებული ახალ ზელანდიაში, ფიჯის რესპუბლიკაში, ვანუატუს რესპუბლიკაში, ტუვალუში, სამოას დამოუკიდებელ სახელმწიფოში, სოლომონის კუნძულებზე, ტონგას სამეფოში და კირიბატის რესპუბლიკაში;
- 2017-2018 – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე;
- 2018-2020 – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩი;
- 2020 წლიდან – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე;
მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.
არის თბილისის ღია უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.
ბიოგრაფიაში წერია, რომ ავსტრალიასა და ოკეანეთის რეგიონში ელჩობის პერიოდში მისიის აქტიური მუშაობის შედეგად ვანუატუმ (2013) და ტუვალუმ (2014) გააუქმეს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების უკანონო აღიარება და დამყარდა დიპლომატიური ურთიერთობები ოკეანეთის ქვეყნებთან.