ჰოტელიერ მაიკო მურაჩაშვილის თქმით, ქუთაისში გასულ წელთან შედარებით ჯავშნების და საშუალო დღიური ფასის (ADR) მაჩვენებლები გაუარესებულია.
როგორც West Inn Georgia – Kutaisi-ის მმართველმა პარტნიორმა BMG-სთან განაცხადა, გასული წლისგან განსხვავებით, სასტუმროს არ აქვს ჯავშნები კონფერენციებზე თუ სპორტული ჯგუფებისგან და შესაბამისად, საოპერაციო ხარჯების დაფარვას ვერ ახერხებს, რის გამოც დამფუძნებლების დონაციაზეა გადასული.
„ქუთაისის სასტუმრო უკვე დეკემბრიდან გვყავს გადაყვანილი დამფუძნებლების დონაციაზე, ასე ვთქვათ ხელოვნურ სუნთქვაზე გვყავს. ჩვენს სასტუმროს 200 დელეგატზე გათვლილი საკონფერენციო სივრცე აქვს. შარშან, დეკემბერში, იანვარში, თებერვალში და მარტშიც, ანუ დაბალ სეზონზე, ძალიან კარგად ვიმუშავეთ. ამ პერიოდში მაღალ შემოსავალს ნამდვილად არ ველით ხოლმე, მაქსიმუმი მიღწევაა საოპერაციო ხარჯების დაფარვა და გასულ წელს სასტუმრო თავის საოპერაციო ხარჯებს ისტუმრებდა. გვქონდა კონფერენციები განთავსებით, ფედერაციები, სპორტული ჯგუფები და ამ მიმართულებით ვიმუშავეთ. რიგი პარტნიორი კომპანიები გვეუბნებიან, რომ კონფერენციებს მარტიდან დაიწყებენ“,- აცხადებს მაიკო მურაჩაშვილი.